ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებს აჭარის მაღალმთიანეთი ახალ ტურისტულ მარშრუტებს სთავაზობს. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონში უკვე შექმნილია 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტი, რომლებიც სხვადასხვა სირთულის ბილიკებსა და ბუნებრივ ლოკაციებს მოიცავს.
ტურისტულ პროდუქტებს შორის დამატებულია დოლოგნის ჩანჩქერები, რომელთა განვითარებაც ამჟამად მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ექვსზე მეტი ჩანჩქერის პირველადი შესწავლა, ახლა კი რელიეფის, ბილიკებისა და ჩანჩქერების სიმაღლის ზუსტი გაზომვები მიმდინარეობს.
ასევე, ქედის მუნიციპალიტეტში დასრულდა ზუნდაგას ახალი ტურისტული მარშრუტის მოწყობა, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება. პარალელურად, ღორჯომის ხეობაში მერჩხეთის ჩანჩქერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს.
მთიანი აჭარის გარდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება ისპანის ტორფნარშიც, სადაც უკვე დასრულებულია ბილიკების მოწყობა.
ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის რეგიონში მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.