რატომ დააჯარიმეს ბათუმის 5 სკოლის ბუფეტი?

27 სექტემბერი 2019, 16:48 8206 ნახვა

ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში, თითქმის ყველგან ფუნქციონირებს ბუფეტი - მოსწავლეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი. ამას, გაკვეთილებს შორის შესვენებაზე, კვების ბლოკთან რიგებიც მოწმობს. 

რა პროდუქციის გაყიდვაა აკრძალული და რისი არა - ეს მოსწავლეებს ნაკლებად აინტერესებთ. დახლზე გამოტანილ საკვებს სურვილის შესაბამისად ყიდულობენ. 

კონტროლი სხვა უწყების ფუნქციაა. სურსათის ეროვნული სააგენტოც სკოლის ბუფეტებს სისტემატურად ამოწმებს.

წელს ბათუმში უკვე 5 სკოლა დააჯარიმეს. რამდენიმეს კი, მდგომარეობის გამოსასწორებლად ვადა მისცეს.

ინსპექტორებმა კვების ბლოკში პროდუქტები ეტიკეტირების გარეშე აღმოაჩინეს. საკვების შემადგენლობის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გარდა, პრობლემაა ვადებიც, რაც ხშირ შემთხვევაში ცომეულზე მითითებული არ არის, მაგალითად, ფუნთუშებზე, ფენოვან ხაჭაპურზე და კარტოფილიან ღვეზელზე. 

ბუფეტში აკრძალულია შოკოლადების, კანფეტების, გაზიანი სასმელების და ასევე მოზარდის ჯანმრთელობისთვის მავნე სხვა საკვების გაყიდვა.

აკრძალული პროდუქციის სია კვების ბლოკში თვალსაჩინო ადგილასაა გამოკრული, მაგრამ ასევე თვალსაჩინოდ აწყვია შოკოლადები, საღეჭი რეზინი და ა.შ.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთ-ერთი სკოლის დახლზე ტკბილეული და ასევე აკრძალული საღეჭი რეზინი დააფიქსირა. მზარეულმა ჟურნალისტს უთხრა, რომ აღნიშნულ პროდუქციას მხოლოდ პედაგოგებზე ყიდდნენ. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს გარდა, სკოლის კვების ობიექტებში მონიტორინგს რესურსცენტრიც ახორციელებს.  ისინი სასწავლო დაწესებულებაში მომავალი კვირიდან შევლენ. 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ფართს იჯარით გასცემს და ბუფეტს არ მართავს, ზედამხედველობა და კონტროლი მაინც სასწავლო დაწესებულებას ეკისრება. 

 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი