ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც მოსახლეობის მღელვარება გამოიწვია.
მათივე თქმით, კანონპროექტი უფრო სამართლიანი და ღირსეული შრომითი და სოციალური პირობების შექმნისკენ არის მიმართული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტი ბლანკეტურად არ კრძალავს დასაქმებულებისათვის ერთზე მეტ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას, არამედ იგი ადგენს სამუშაო დროის მაქსიმალურ ოდენობას, რაც, ევროკავშირის დირექტივაა. მათივე თქმით, პრაქტიკაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, ხშირია შემთხვევა, როდესაც შრომითი კანონმდებლობის დარღვევის გარეშე, დასაქმებულები 70 საათსზე მეტს ასრულებენ.
"ახალი რეგულაციით იკრძალება ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება, თუ დასაქმებულის მიერ ჯამში შეთავსებით ირღვევა 48 საათიანი ლიმიტი. შესაბამისად ამ რეგულაციის საფუძველზე, დასაქმებულს შესაძლებლობა ექნება, უარი განაცხადოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე, თუ მისი ოდენობა დადგენილ ნორმას აღემატება"- წერია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია დეკრეტულ შვებულებაზეც.
"ახალი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში დეკრეტული შვებულების განმავლობაში, დასაქმებული სახელმწიფოსგან მიიღებს მისი ხელფასის მინიმუმ 80 პროცენტს ყოველთვიურად (ანაზღაურებადი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 თვეს), და არა ერთჯერადად როგორც ეს მედიაში გავრცელდა. გარდა ანაზღაურების წესისა, სავალდებულო ხდება, რომ დედამ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ისარგებლოს ორსულობის და მშობიარობის შვებულებით. ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ მამებს 14 დღის განმავლობაში"-ამბობენ ორგანიზაციაში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიების იმ დასაქმებულების გარანტიებისთვის დაახლოებაა, რომლებზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება.
20 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. ინიციატივის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ცქტიშვილია.
მედიასაშუალებების ნაწილი წერდა, რომ ინიციატივის მიხედვით, მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება ეკრძალებოდათ.