''სანამ მე კურიერში ვიქნები პეპლებს ვერ ააფრენენ'' - ნოდარ მელაძე

19 ივლისი 2019, 16:54 2109 ნახვა

''სანამ მე კურიერში ვიქნები პეპლებს ვერ ააფრენენ... ​აქ არ იქნება პირველი ახალი ამბავი ქვეყნის პირველ პირზე, მეორე ახალი ამბავი კი ქვეყნის მეორე პირზე''  - თქვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ''რუსთავი 2''-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში, სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლას შეეცდება, რომ კურიერის და ''რუსთავი 2''-ის ეთერიდან არ ისმოდეს განსხვავებული აზრი, არ იყოს მწვავე და კრიტიკული მასალები, რომელსაც გუნდი ამზადებს. 

''ეთერში მანამდე ვიქნებით, ვიდრე სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამას ვახერხებთ. მე, როგორც საინფორმაციოს უფროსი პირველ რიგში პატივს ვცემ მაყურებელს. გუშინ ჩემთვის, ყველაზე მარტივი იქნებოდა ტელევიზიის კარი გამეღო და არხიდან წავსულიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ჩემს უკან დგას გუნდი. მნიშვნელოვანია, რომ ამ გუნდთან ერთად ვიყოთ და ყველა სირთულე  ერთად გადავაგოროთ. მე სანამ ვიქნები ''რუსთავი 2''-ის საინფორმაციოს უფროსი ''კურიერი'' იქნება ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო გუშინ და გუშინწინ. იქნება ისეთივე კრიტიკული, ისეთივე მწვავე.

ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ცვლილებების რეალური მიზანი არის ''რუსთავი 2-ის''  კრიტიკული სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლა, ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ ''კურიერის'' და ''რუსთავი 2''-ის ეთერიდან არ ისმოდეს განსხვავებული აზრი, არ იყოს ის მწვავე გამოძიებები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. სანამ ვახერხებთ ჩვენ ვართ...ჩვენ პირველ რიგში პასუხისმგებლები ვართ მაყურებლის წინაშე და ჟურნალისტების, კურიერის გუნდის  და ''რუსთავიორელების'' მხრიდან არ იქნებოდა სწორი, გუშინ გამოგვერთო ეთერი და წავსულიყავით'' - თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ იგეგმება მისი ჩანაცვლება და საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე ახალი კადრის მოყვანა. ''ქართულ ოცნებას'' კი ღია ქასტინგი აქვს გამოცხადებული. 

მელაძე ფიქრობს, რომ სწორედ ახალი ხელმძღვანელის საშუალებით შეეცდება ხელისუფლება,  ''რუსთავი 2''  სხვა რაკურსზე გადაიყვანოს.

''რა თქმა უნდა ვიცი ვინც განიხილება. ორი კანდიდატურაა. ღია კონკურსია გამოცხადებული ვინ იქნება ''რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. ამ თემაზე ასე არ მინდა ლაპარაკი იმიტომ, რომ ადამიანების ნაწილს ვიცნობ. ხელისუფლება ქასტინგს ატარებს. არ მაქვს არანაირი ილუზია, რომ აქ ვინმე სხვა მიზნით მოვა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად მოიყვანენ  ადამიანს იმის გამო, რომ გაატაროს ხელისუფლების პოლიტიკა. შესაბამისად მე ველოდები გადაწყვეტილებას, როგორც კი ეს მოხდება რა თქმა უნდა პოსტს გადავაბარებ. ეს მენეჯმენტის ამბავია, არ უნდა მიყარო და არ უნდა გაიქცე. არსებობს წესები,  უნდა გადააბარო და შესაბამისად უფრო მეტი პასუხისმგებლობა ექნება. სანამ მე ვიქნები ბოლო წამამდე და კურიერის ბოლო ქუდის დახურვამდე ჩემი პასუხისმგებლობის ზონაში, კურიერი იქნება ისეთივე თავისუფალი და ისეთივე თავისუფლების ტერიტორია როგორც იყო მანამდე'' - თქვა ნოდარ მელაძემ. 

არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტელევიზია მხოლოდ აპარატურა და შენობა არ არის, ეს არის პროფესიონალების გუნდი და ჟურნალისტები, რომლებიც მასალებს ქმნიან. 

''რუსთავი 2-ის ახალ გენერალური დირექტორს გუშინ ვუთხარით, რომ ტელევიზია კედლები და მხოლოდ აპარატურა არაა. ამ ტელევიზიას და კონტენტს ქმნიან ადამიანები, ამ ტელევიზიის რეიტინგს და პირველობას უზრუნველყოფს  გუნდი, რომელიც აქ მუშაობს. თორემ ''რუსთავი 2''-ზე კარგი აპარატურაც აქვთ სხვა ტელევიზიებს, მაგრამ ვერ ახერხებენ იმას, რასაც ჩვენ ვახერხებთ''. 

''რუსთავი 2''-ს ახალი დირექტორი ჰყავს.  ის ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალიაა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი