ომარ მახარაძე გახმაურებული საქმის შემდეგ საკრებულოს სხდომას პირველად ესწრება 

16 ივლისი 2019, 11:16 4164 ნახვა

19 წლის სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ომარ მახარაძე, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, საკრებულოს სხდომას დღეს პირველად ესწრება. 

ბათუმის საკრებულოში დღეს, 16 ივლისს, მორიგი სხდომა იმართება, სადაც დეპუტატებმა 11 საკითხზე უნდა იმსჯელონ, მათ შორის რივიერაზეც. 

საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ომარ მახარაძე 31 მაისიდან აღარ ხელმძღვანელობს. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა, საკრებულოს თანამდებობის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე  წერილობით მიმართა, დეპუტატებმა კი განცხადება დააკმაყოფილეს. 

ომარ მახარაძე რჩება საკრებულოს წევრად, ვინაიდან მაჟორიტარული წესით არჩეული წევრია და მას საკრებულოში ადგილმონაცვლე არ ჰყავს. 

დამატებით გაუქმდა საკრებულოს ფრაქცია - "ქართული ოცნება მრეწველები", რადგან სამკაციანი ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ომარ მახარაძე იყო. 

ამ ბრალდების საფუძველზე, უნივერსიტეტის ეთიკის საბჭომ, მას უფლებამოსილება შეუჩერა. საბჭომ, სხვადასხვა სტუდენტებთან გასაუბრების შემდეგ მიიჩნია, რომ საკმარისი მტკიცებულებები იყო იმისთვის, რომ დაედგინათ უნივერსიტეტის ეთიკის დარღვევა და ხელშეკრულება შეეწყვიტათ მმართველი გუნდის წევრისთვის. 

ომარ მახარაძის წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელ უწყებაში უთხრეს, რომ გამოძიება გრძელდება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში