,,ოლიგოპოლიამ საქართველოს მედიცინა გააკრა ჯვარზე”-ამ სახელწოდებით აქცია-პერფომანსი გაიმართა, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებლის მიმდებარედ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსმა შიმშილობიდან მეექვსე დღეს აქცია შეწყვიტა, რადგან მიაჩნია , რომ პროტესტის ამ ფორმამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ბენო ჭელიძე კვლავ ითხოვს, რომ გამოიყოს თანხა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის.
აცხადებს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდნენ „ლეიბორისტული პარტიის“ ოზურგეთისა და ფოთის კოორდინატორები, ასევე პარტიის აქტივისტები. მათი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს ისინი სოლიდარობას უცხადებენ. თავად ბენო ჭელიძემ კი განაცხადა, რომ აქციები გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით ეს ჯერ არ გადაუწყვეტია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულების შენობა ჯერ მთავრობას არ ჩაბარებია, მას შემდეგ კი რაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა მართვაში, დაიწყება თანხის მობილიზება ტექნიკური აღჭურვისთვის.