"გაურკვეველია, თუ რატომ ამბობს ნათია ზოიძე ამას ახლა, როდესაც ეს კონკურსი ჩაიშალა" - გიგა ჩხარტიშვილის პასუხი

03 ივნისი 2019, 18:49 2027 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის ღია წერილს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა ასევე წერილით უპასუხა. გვითხრა, რომ მის პოზიციას წერილობით გაგვაცნობდა. 

ნათია ზოიძემ, მაუწყებლის მრჩეველები მთავრობის სასარგებლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა. ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს და არჩევნებს კი, პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა. 

ასევე, ამბობს, რომ მრჩეველმა "ქართული ოცნების" კვოტით, გიგა ჩხარტიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მუშაობს მაუწყებელში - "ფაქტობრივად, საჯაროდ მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე" წერს ნათია ზოიძე.

გთავაზობთ გიგა ჩხარტიშვილის წერილს უცვლელად:

"მიმაჩნია, რომ ქალბატონი ნათიას განცხადება სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მინდა აღვნიშნო, რომ მეც,  და ვფიქრობ საბჭოს სხვა წევრებიც, ქალბატონ ნათია ზოიძეზე გაცილებით მაღალი წარმოდგენის ვართ, ვიდრე  მისი განცხადების პათოსს შეესაბამება.  ქალბატონი ნათიას განცხადებაში არის ბევრი ლოგიკური წინააღმდეგობა და მსჯელობა და მხოლოდ ვარაუდებს  და კონკურსის შედეგებით გამოწვეულ ემოციებს ეფუძნება.

გაურკვეველია, თუ პროცესი მართული იყო, მაშინ რატომ მიიღო მონაწილეობა ქალბატონმა ნათიამ მასში ან რატომ არის ნათიას წარუმატებლობა კონკურსში ლაკმუსის ქაღალდი პროცესისთვის.  საინტერესოა, რატომ გახდა პროცესი დისკრედიტირებული მხოლოდ ახლა, როდესაც ყველა კონკურსანტისთვის არასასურველი შედეგი დადგა.

ვფიქრობ, რომ სხვა კონკურსანტებსაც ძალიან კარგი კონცეფციები და ხედვები ჰქონდათ,  საკმაოდ წარმატებით და დამაჯერებლად მოახერხეს საკუთარი თავის წარმოჩენა, შესაბამისად, ცალსახად იმის თქმა, რომ ნათია ზოიძის ხედვა იყო მკვეთრად გამორჩეული, დიდი უსამართლობა იქნება სხვა კანდიდატების მიმართ.

რაც შეეხება  ნათია ზოიძისადმი ჩემს მიერ გასაუბრებაზე დასმულ შეკითხვას,  ვფიქრობ, რომ მას უნდა ჰქონოდა ლოგიკური პასუხი.  ხოლო შეკითხვები არ უნდა აღიზიანებდეს ისეთ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე აქვს.  ამასთანავე, როგორც მახსოვს, იგივე ტიპის სამართლებრივი შეკითხვა ჰქონდათ საბჭოს სხვა წევრებსაც და ეს სრულიად ლოგიკურია იმ სტრუქტურიდან და დებულებიდან გამომდინარე, რომელიც მაუწყებელს გააჩნია.

მართალია მე არ მეხება ნათიას განცხადება, ვიღაც პირების მიგზავნაზე,  ალბათ ეს მოსაზრება კონკურსის დისკრედიტაციას უფრო ემსახურება. სრულიად გაურკვეველია, თუ რატომ ამბობს ნათია ზოიძე ამას ახლა, როდესაც  ეს კონკურის  ჩაიშალა. ვფიქრობ, რომ მედია სტანდარტები, პროფესიული და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მას ავალდებულებდა, რომ საზოგადოებისთვის ეს ამბავი ეთქვა მანამდე და საჯარო გაეხადა ეს ინფორმაცია.  პოსტ- ფაქტუმ მსგავსი განცხადებები , თან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე,  მხოლოდ კონკურსის დისკრედიტაციის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.

ქალბატონი ნათია პროცესს აფასებს როგორც „ფარსს“, საინტერესოა ასეთ შეფასებას თუ დაიმსახურებდა კონკურსი, თუკი ის თავად მოიპოვებდა მრჩეველთა საბჭოს ნდობას. ეს არის ძალიან მძიმე შეფასება იმ მენეჯერისგან, რომელზეც  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში მიმდინარე პროცესებია დამოკიდებული და რომელზეც დელეგირებულია დირექტორის სრული პასუხისმგებლობა.  ასეთი ტიპის შეფასებითი საუბარი, თან ყოველგვარი დასაბუთების, არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე, აზიანებს მაუწყებელთან დაკავშირებულ ყველა პროცესს,  არყევს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისადმი არსებულ მიუკერძოებლობის და ობიექტურობის იმიჯს.

და ბოლოს, არ შემიძლია არ შევნიშნო ნათია ზოიძის განცხადებაში არსებული პასაჟი, თითქოს აჭარის ტელევიზიისა და რადიო ისტორიაში მოქალაქეები  პირველად ფლობენ ტრიბუნას, ეს არის იმ ხალხის შეურაცხყოფა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შემდეგ და მანამდე მუშაობდნენ ტელევიზიასა და რადიოში.  ცნობისათვის შევახსენებდი ნათია ზოიძეს, რომ მის მიერ წარმოდგენილ საკონკურსო დოკუმენტებში 2003-2004 და 2005-2008 წლები მითითებულია, როგორც ამავე ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება,  ბოლო პერიოდი (2005-2008) კი ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, შესაბამისად, თუ მოქალაქეები პირველად ფლობენ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ტრიბუნას, ამაში მისი ბრალეულობაც და პასუხისმგებლობაც არის" - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი გიგა ჩხარტიშვილი.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში