ჩაირთვება, გაითიშება, ჩაირთვება, გაითიშება - შუქნიშნების პრობლემა ბათუმში

03 ივნისი 2019, 16:34 4787 ნახვა

''ჩაირთვება, გაითიშება. გააკეთებენ, დაზიანდება. შუქნიშანი ხან დილით არ მუშაობს, ხან საღამოს, ვერაფერი გავიგეთ'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქემ, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს. 

ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში შუქნიშანი, რამდენიმე დღეა გათიშულია. ასეა დაახლოებით ერთი წელია. მარეგულირებელი ნიშანი პერიოდულად ითიშება - ხშირად რამდენიმე კვირითაც. არ მუშაობს არც დამატებითი სექცია, რომელიც ქვეითების გადაადგილებას არეგულირებს. 

მძღოლები და ფეხით მოსიარულეები ამბობენ, რომ ქუჩის გადაკვეთა სახიფათოა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. 

აჭარის მაუწყებლის არქივი, ათამდე მსგავს მასალას ინახავს, სადაც მოქალაქეები ყვებიან, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშანი გამორთულია, გადაადგილება კი სახიფათო. ხშირად იქმნება საავარიო სიტუაციებიც. 

აჭარის მაუწყებელი ბათუმის ''ავტოტრანსპორტს'' დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ დაზიანებულია მიწისქვეშა კაბელი, რომლის შეკეთებასაც სპეციალისტები ცდილობენ. 

კითხვაზე რატომ ვერ მოხერხდა, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შუქნიშნების კაპიტალური შეკეთება, ''ავტოტრანსპორტში'' ამბობენ, რომ მალე ტენდერი გამოცხადდება, ახალ კაბელებს იყიდიან და ქალაქში არსებული 35-ვე შუქნიშანს შეაკეთებენ.

უწყების წარმომადგენლის განმარტებით, გაყვანილობა ძველია, რის გამოც განსაკუთრებით წვიმის დროს, მიწისქვეშა კომუნიკაცია ზიანდება, შუქნიშანი კი ითიშება.

''ბათუმის ავტოტრანსპორტში'' აზუსტებენ, რა თანხა დაიხარჯება შუქნიშნების მოსაწესრიგებლად და კონკრეტულად რა ვადებში მოხდება პრობლემის აღმოფხვრა. 

ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში ავარიები ხშირად ხდება. გასულ წელს ქუჩის ერთ მონაკვეთში გამყოფი რკინის ჯებირიც დაამონტაჟეს. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი