ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში შუქნიშანი რამდენიმე დღეა არ მუშაობს.
პრობლემა ექმნებათ, როგორც ქვეითად მოსიარულეებს ასევე მძღოლებს. მათი თქმით, ავტომობილებით გადაადგილება განსაკუთრებით რთული წინა საახალწლო დღეებში იყო.
‘’შუქნიშანი გათიშული იყო, მძღოლები მოძრაობის წესებს არ იცავდნენ. საავარიო სიტუაციები იქმნებოდა. განსაკუთრებით რთული, ასათიანის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთა იყო’’ - ამბობს დავით ნაკაშიძე.
დაზიანებულია მოწყობილობის მიკრო სქემა, რომელიც შეკეთებას არ ექვემდებარება.
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, აუცილებელია შუქნიშანი გადაკეთდეს. გენო ჩხეიძის თქმით, პრობლემა ერთ დღეში მოგვარდება, სამუშაოები კი ხვალ დაიწყება.
აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.
გასულ წელს, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ევროპის ქვეყნებს შორის ავარიით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო პირველ ხუთეულშია.
ჭავჭავაძის ქუჩაზე გზაგამყოფი ჯებირიც დამონტაჟდა. რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 53 ათასი ლარი დაიხარჯა.