ქობულეთის პანსიონის საქმეზე EMC-მ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

28 მაისი 2019, 11:58 1562 ნახვა

ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე, EMC-მ ​ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია კონვენციის მე-3 (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევაზე დავობს.

EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ხუთი წელია ადგილობრივი მოსახლეობის  წინააღმდეგობისა და რელიგიური ნიშნით დევნის გამო, მუსლიმი თემი ქობულეთში პანსიონატის გახსნას ვერ ახერხებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, კერძო პირების მხრიდან რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება, საქმეში სიძულვილის მოტივის გამოვლენა, ​განმცხადებლებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, პოლიციის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობის შესახებ გამოძიების დაწყება.

''იმისთვის, რომ მხარეებმა არ დაკარგონ სამართლიანობის  განცდა, რელიგიური შინაარსის სათემო კონფლიქტების დროს, აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს დროული და ადეკვატური რეაგირება სამწუხაროდ, ქობულეთის პანსიონატის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და გამოვლენილი ისლამოფობიის სიმძიმის მიუხედავად, სახელმწიფომ კონფლიქტების მართვისა და სამართლიანი გადაწყვეტის ვალდებულება  ვერ შეასრულა. შესაბამისად, არ გასწია სათანადო ძალისხმევა მუსლიმი თემის უფლებების აღდგენისა და  სოციალური ცვლილებებისთვის,'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად, მუსლიმი თემი ქობულეთის პანსიონით ვერ სარგებლობს. EMC-ს პრეტენზიები აქვს შპს „ქობულეთის წყალთანაც“. განცხადებაში წერია, რომ პანსიონატის შენობას წყალი არ მიეწოდება. 

2014 წლის 10 სექტემბერს ქობულეთში, ადგილობრივმა მოსახლეობამ, შენობის კარზე ღორის თავი ჩამოკიდა. 

დაპირისპირებამ უფრო მასშტაბური სახე 15 სექტემბერს მიიღო, როდესაც პანსიონატის გახსნა იგეგმებოდა.

 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი