აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 ოპერატორი გაიფიცა

19 აპრილი 2019, 00:00 5693 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 ოპერატორი გაიფიცა და სამსახურეობრივი  მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს.  

მაუწყებლის ოპერატორები ხელფასების გაზრდას ან სამუშაო პირობების შეცვლას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათ ოპერატორთან ერთად მემონტაჟის ფუნქციის შესრულებაც უწევთ, ანაზღაურება კი შესაბამისი არ აქვთ.

დღეს მრჩეველთა საბჭო, მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. 

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი მაია მერკვილაძე ამბობს, რომ  ტელეოპერატორების გაფიცვის მიუხედავად, სამსახური მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს. გაფიცულების ნაცვლად კი ანალიტიკური გადაცემების და რეგიონული ბიუროების ტელეოპერატორები მუშაობენ.

მაუწყებლის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ამბობს, რომ დამატებითი განმარტება, მრჩეველთა საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდება.

''მოლაპარაკების პროცესში ვიყავით, ამ პროცესმა ვერცერთი მხარისათვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, დღეს კი პროტესტის  უკიდურეს ფორმაზე გადავედით - გავიფიცეთ. ახლა ჩვენ არანაირ მოთხოვნას არ ვახმოვანებთ, რადგან დღეს ბორდის სხდომა დაემთხვა, იქ გადაწყდება გარკვეული საკითხები. როგორც კი დაიდება შედეგი, გადაწყდება საკითხი, გავაკეთებთ ჩვენ განცხადებებს'' - ამბობს ომარ ბერიძე. 

ოპერატორებმა გაფიცვის შესახებ ინფორმაცია, 15 აპრილს წერილობით გაავრცელეს. განცხადებას კი წინ უძღოდა, მაუწყებლის დირექტორთან შეხვედრა. 

ამავე კატეგორიაში