''ბენეფიციარებს ვერ მივატოვებთ'' - სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს 

02 აპრილი 2019, 00:00 1273 ნახვა

რვადღიანი პროტესტის შემდეგ, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან. ამბობენ, რომ ბენეფიციარებს ვერ მიატოვებენ. 

სამსახურში დღეს გამოცხადდნენ, აჭარის სოციალური მომსახურების დაცვის სააგენტოს თანამშრომლებიც. 

ერთ-ერთი სოცმუშაკი ინგა დავითაძე ამბობს, რომ მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდა, გრძელვადიან საკითხებზე კი მოლაპარაკება გრძელდება. 

''იმის გამო, რომ ბენეფიციარები არ დაზარალებულიყვნენ გამოვედით სამსახურში. ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მაშტაბით აქცია შეწყდა. გადაუდებელ შემთხვევებზე ჩვენ გაფიცვის დროსაც გავდიოდით. სისტემურ ცვლილებებს ვითხოვდით, რაღაც მიზნები მიღწეულია, სამუშაო რეჟიმში მოლაპარაკები პროცესი კი გრძელდება. ჩართულია პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დამსაქმებლებთან შეთანხმებას აგრძელებენ. 15 აპრილს პარლამენტში პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელია დაბარებული, ანუ ჩვენი დამსაქმებელი. საკითხების ნაწილი იქ გადაწყდება. ტრანსპორტის ნაწილში შეთანხმება მიღწეულია, ასევე ტექნიკურ საკითხებზეც. გვითხრეს, რომ 15 აპრილამდე ყველა რეგიონს ეყოლება ტრანსპორტი. ​ხელფასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკები. მხოლოდ ხელფასისთვის ვერ გავიფიცებოდით, სხვა კი ეტაპობრივად გვარდება'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ინგა დავითაძემ. 

სოციალური მუშაკები პროფესიული კავშირის დაფუძნებას აანონსებენ. მათი განმარტებით, ყველა იმ საკითხის განხილვას, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდა, მოლაპარაკებების ფორმატში გააგრძელებენ.

25 მარტს ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი მომსახურებების შექმნას ითხოვდნენ.

გაფიცვას წინ უძღოდა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი