დააკავეს მოქალაქე, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის აგარაკი გაქურდა - შსს

28 მარტი 2019, 00:00 1216 ნახვა

სამართალდამცველებმა ის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკი გაქურდა. სახლიდან ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აგარაკის გაქურვის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ორი კვირის წინ გავრცელდა. 17 მარტს, აჭარის მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრესსამსახურის წარმომადგენლებმა არ დაუდასტურეს ფაქტი, რომ მინისტრის საცხოვრებელი გაიქურდა. ჯერ კონკრეტული მისამართის დასახელებას ითხოვდნენ, მოგვიანებით კი სატელეფონო საუბარში გვითხრეს, რომ გიორგი ქობულიას სახლი არავის გაუქურდავს.  

დღეს, 28 მარტს კი უწყების ინფორმაციით, ქურდობის ფაქტი დადასტურდა და საქმე გახსნილია.  

''ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების, შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში მდებარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.უ. მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი