ოთხი წელია ვითხოვთ, თუმცა კაპიტალურის ნაცვლად, ბეტონის გზას გვთავაზობენ - მოქალაქის საპროტესტო წერილი

22 მარტი 2019, 00:00 1628 ნახვა

სოფელ ზედა აჭყვას მოსახლეობა ცენტრალური გზის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები ყვებიან, რომ დასახლებაში ასფალტი წლების წინ დააგეს, ახლა კი გზა დაზიანებულია, წვიმის დროს იტბორება და ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. სოფელში მოუწესრიგებელია სანიაღვრე სისტემაც. 

''მოსახლეობა ოთხი წელია ვითხოვთ სოფლის გზის შეკეთებას. არაერთი განცხადება გვაქვს დაწერილი აჭარის საგზაო დეპარტამენტში, გაკეთებას ყველა არჩევნების წინ გვპირდებიან, თუმცა სოფელში გზა ამ დრომდე მოუწესრიგებელია. ახლა კი გავიგეთ, რომ მოაქვთ ბეტონი და დაახლოებით სამას მეტრს დააგებენ. არადა თითქმის ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთია სასწრაფოდ შესაკეთებელი. ჩვენ არ გვინდა ბეტონის საფარი, გვინდა კაპიტალურად გაკეთებული ცენტრალური გზა, თავისი სანიაღვრე არხებით'' - ყვება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სოფელ ზედა აჭყვას მკვიდრი მალხაზ დიასამიძე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ გზით დაახლოებით, 150-მდე ოჯახი სარგებლობს.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ სოფელ ზედა აჭყვაში გზის ნაწილზე ბეტონის საფარს დააგებენ. სამუშაოები კი აპრილის ბოლოსკენ დაიწყება.

''მიმდინარე წელს ჩვენს დეპარტამენტს ქობულეთში, შიდა სასოფლო გზებზე 8500 კუბური მეტრი ბეტონის საფარის მოწყობა აქვს დაგეგმილი, მათშორის ერთ-ერთი სოფელ ზედა აჭყვა-გორგაძეების მიმართულება. ამ სოფელში 300 მეტრის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობაა გათვალისწინებული. შერჩეული გვაქვს რთული მონაკვეთი და იქ მოხდება გზის რეაბილიტაცია. ასევე გზებს მოვლა პატრონობის პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხების გაჭრაც იგეგმება'' - ამბობს ერეკლე კახიძე, აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი ქობულეთში.

ქობულეთში ბეტონის საფარის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით, მილიონი ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წელს სოფლის შიდა გზების მოწყობა 225 მიმართულებითაა დაგეგმილი.

სოფელ ზედა აჭყვას ცენტრალური გზა

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ გზით დაახლოებით, 150-მდე ოჯახი სარგებლობს

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი