ბათუმში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ მაიაკოვსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
''საავტომობილო მოძრაობა ჩვეულებრივი რეჟიმით, სავარაუდოდ 3 კვირის შემდეგ აღდგება ''- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 703 ათას 999 ლარს შეადგენს.
ბათუმის მერია შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.