ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. პირებს, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, სასამართლო პროცესზე დაკითხავენ, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როდის ჩაინიშნება სასამართლო ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე თვითმხილველების დაკითხვა მიმდინარეობს.
2019 წლის 11 იანვარს, ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართული ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, ასევე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. შეჯიბრების დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ 2 გზის ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 11 იანვარს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა.