მუშაობა 14 საათიანი გრაფიკით, დასვენების დღის გარეშე - თანამშრომლები კომპანიას უპირისპირდებიან

09 ნოემბერი 2018, 00:00 3690 ნახვა

მუშაობა არანორმირებული გრაფიკით და  ხელშეკრულების პირობების დარღვევით - თანამშრომლები, რომლებიც კომპანიაში დარაჯად მუშაობენ საპროტესტო აქციებს იწყებენ. 

ისინი ამბობენ, რომ დამსაქმებლები მათ არაადამიანურად ეპყრობიან, მუშაობა კი გაუსაძლის პირობებში უწევთ.  

კახა ფუტკარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ 9 საათის ნაცვლად 14 საათის განმავლობაში ამუშავებენ, დამატებით ანაზღაურებას კი არ უხდიან. დაცვის ჯიხური დაზიანებულია, არ აქვთ სკამები და განათება.

კომპანია მახინჯაური-ხელვაჩაურის მონაკვეთზე შემოვლითი გზის, 13 კილომეტრიან მონაკვეთს აკეთებს. 

დარაჯი ამბობს, რომ 5 თვის განმავლობაში მხოლოდ 4 დღე დაისვენა. ხელშეკრულებით კი კვირაში ორი უქმე დღე უნდა ჰქონდეს. 

დასაქმებულებს პრობლემები აქვთ კვებასთან დაკავშირებითაც. აქციის მონაწილეებმა დღეს მაუწყებელს ერთ-ერთი კვების დროს, მათთვის გათვალისწინებული ულუფა აჩვენეს.

კომპანია  ​''ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის'' მენეჯმენტმა 5 თანამშრომელი სამსახურიდანაც დაითხოვა. 

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე და პროფკავშირების ხელმძღვანელი ილია ვერძაძეც იმყოფებიან. 

პროფკავშირებმა კომპანიას ოფიციალური წერილით მიმართეს. ისინი ითხოვენ განმარტებას რატომ გათავისუფლდა 5 ადამიანი სამსახურიდან და ასევე ხელშეკრულებების პირობების ასლების გადაგზავნას

პროფკავშირები სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებსა და დასაქმებულებს სამართლებრივად დაეხმარებიან, შრომის ტექნიკურ ინსპექსიას მიმართავენ და სასამართლოსთვის სარჩელს მოამზადებენ.

აჭარის მაუწყებელი კომპანიის წარმომადგენლებთან საკითხის გარკვევას და ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში