საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ იესოს კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს.
ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და აღესრულა,იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასევე მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას იხსენიებს.