ქობულეთის მაგისტრალზე ჩაბნელებული მონაკვეთები მძღოლებს საფრთხეს უქმნის

09 ოქტომბერი 2018, 00:00 11123 ნახვა

მძღოლები ქობულეთის შემოვლითი გზის სახიფათო მონაკვეთებზე, განათებების დამონტაჟებას ითხოვენ. ამბობენ, რომ გვირაბებთან მისასვლელი ტერიტორიების გარდა, სხვა მონაკვეთები ჩაბნელებულია. 

განათების გარეშეა შემოვლითი გზის ის ნაწილიც, რომელიც ხუთი წლის წინ გაიხსნა. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოავარიები ხშირია და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჩაბნელებული გზაა - ყვებიან მოქალაქეები აჭარის მაუწყებელთან.

ბათუმის-ქობულეთის შემოვლით გზაზე მაღალი სიჩქარით გადაადგილება დასაშვებია. მძღოლების თქმით, დაბალი ხილვადობის და წვიმის დროს მანიშნებლების დანახვა თითქმის შეუძლებელია.

​'' მაგისტრალზე 90 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობა დაშვებულია, გაუნათებელი გზა კი საფრთხის შემცველია. რთულია საგზაო მონიშვნების აღქმაც. ძალიან ვიწროა გზაა, ეს წესით მარტო ერთი მიმართულებით მოძრაობისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის განათებების დამონტაჟება აუცილებელია'' - ამბობს თენგიზ ჩელებაძე. 

მაგისტრალი სოფლებს შორის გადის, რის გამოც გადაადგილებას პირუტყვიც აფერხებს. 

ქობულეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილებული 15 მეველე ჰყავს, ისინი აკონტროლებენ საქონელი ავტობანს არ მიუახლოვდეს. 

''კონკრეტულად ცალკე ასე მაგისტრალისთვის მეველები არ არსებობს, თუმცა ამ სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, ქალაქის ტერიტორიაზე და იმ მაგისტრალების მიმდებარე მონაკვეთებზეც ასეთი გაუთვალისწინებლი სიტუაციები აკონტროლოს'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქობულეთის მერის მოადგილემ. 

საგზაო დეპარტამენტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ გზის განათებას პროექტი არ ითვალისწინებდა.  სამუშაოებისთვის ტენდერი ახლა გამოცხადდა. მათივე ინფორმაციით, გზის მეორე მონაკვეთზე განათება წლის ბოლომდე, ხოლო პირველ მონაკვეთზე 2019 წელს დამონტაჟდება. 

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა 25 ივნისს დასრულდა. 18 კილომეტრიან მონაკვეთზე ორი გვირაბი და 15 ხიდი აშენდა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი