უკონტროლო პარფიუმერია და დაუცველი მომხმარებლები - საქართველოში შემოტანილი კოსმეტიკური ნაწარმის შემადგენლობა არ მოწმდება. მისი კონტროლი თითქმის შეუძლებელია ლაბორატორიებში, შესაბამისად რთულია საუბარი მომხმარებელთა უფლებებზე. საქმე არ ეხება მხოლოდ ბაზრობებს, საუბარია ნებისმიერ მათ შორის, ბრენდული ტიპის ნაწარმზე. ცნობილია რომ ზოგიერთ კოსმეტიკურ საშუალებაში შემავალი ნივთიერებები საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ თემა განსაკუთრებით საყურადღებოა.
ის რომ კოსმეტიკური ნაწარმი ჩვენი სახელმწიფოს კონტროლის სფეროში არ შედის, აწუხებთ კანონმდებლებსაც - ამბობენ რომ სფერო უნდა დარეგულირდეს, თუმცა როდის ეს უცნობია. მომხმარებელთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ამჟამად საქართველოში ყველაზე დაუცველი სწორედ პარფიუმერიის მომხმარებლები არიან, შესაბამისად სწრაფი რეაგირებაა საჭირო.