1. 31 წლის შემდეგ, ჩვენი სახლი გაგრაში პირველად ვნახეთ
„გამარჯობა, მე ახლა გაგრაში ვიმყოფები და თუ მიმასწავლით თქვენს სახლს, შემიძლია ის გაჩვენოთ,“ — ეს იყო ზარი, რომელსაც ჩემი ოჯახი სამი ათწლეულის განმავლობაში ელოდა. ჩვენი დაკარგული ქალაქიდან ახლობლის ამ სიტყვებმა, კიდევ ერთხელ აგვაფორიაქა და რამდენიმე წუთით წარსულში დაგვაბრუნა. ვიცოდით, რომ აფხაზეთში მცხოვრები გიორგი (ეს სახელი პირობითია. ვინაობას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროვებ) ერთი თვის შუალედში ვიდეო თვალით დაგვირეკავდა, ჩვენს სახლს გვაჩვენებდა, მაგრამ რეალობისთვის თვალის გასწორება ემოციურად ძალიან რთული აღმოჩნდა.
პირველად, 31 წლის შემდეგ, დისტანციურად ვნახეთ ჩვენი სახლი გაგრაში. ეს ძალიან ემოციური და მოულოდნელი იყო დედაჩემისთვის. მე კი ერთი სული მქონდა, მენახა ქალაქი გაგრა. სახლი, რომლის შესახებაც მხოლოდ წარმოსახვაში ვიცოდი — და მხოლოდ მშობლებისგან მსმენოდა. გიორგი ჩართული კამერით დადიოდა გაგრის ცენტრალურ ქუჩებში, დედა კი ეკრანს თვალს აყოლებდა და ჩვენს სახლამდე მისასვლელ გზას კარნახობდა: - „მარცხნივ გადაუხვიე... ახლა იმ ბილიკს ჩაუყევი... იქ კიბე უნდა იყოს...აქ სომეხი მეზობლები ცხოვრობდნენ... აი, აქედან უნდა ჩანდეს ჩვენი ღობე...“ და მართლაც — ეკრანზე გამოჩნდა დედაჩემისთვის ნაცნობი, ოდესღაც მწვანედ შეღებილი ღობე, რომელსაც სიძველისგან ჟანგისფერი მიეღო.
დედას ხმა ჩაუწყდა. ცრემლიანი თვალებით უყურებდა ეკრანს და სევდანარევი ხმით იმეორებდა: „ეს ჩვენი სახლია…“ მე კი ცნობისმოყვარეობით ვუყურებდი ეკრანს და ვფიქრობდი წართმეულ ბავშობაზე. სახლი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ წარმოსახვაში მენახა, ახლა ჩემს თვალწინ იდგა — მაგრამ ის აღარ იყო ჩვენი. იქ სხვები ცხოვრობდნენ...
გიორგი ეზოში შევიდა, ზრდილობიანად მიესალმა იქ მცხოვრებ ეროვნებით ტაჯიკ ოჯახს და აუხსნა, რომ სახლის მეპატრონეებს ვიდეოზარით სურდათ თავიანთი ეზო-კარის დათვალიერება. ყველაზე დიდი ნუგეში იმ წამს ჩვენთვის გიორგის სიტყვები იყო, რომელიც იქ დასახლებულებს უთხრა: „ახლა აქ თქვენ ცხოვრობთ, მაგრამ ნამდვილი მეპატრონეები აუცილებლად დაბრუნდებიან“-ო.
უსამართლობის განცდა ჩვენში კიდევ უფრო გამძაფრდა — ის ადგილი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, ახლა სხვისია. ძალიან რთულია გაიაზრო, როცა ხედავ, რომ შენს ეზოში სხვა ბავშვები თამაშობენ, სხვისი მშობლები ფუსფუსებენ და ვერაფერს ცვლი.. კადრში ვხედავდით მოუვლელ ეზოს. შელახულ სახლის კედლებს. ციტრუსის ხეები, რომლის არომატულ მანდარინებზე მშობლები გვიყვებოდნენ, საერთოდ არ ჩანდა. ალბათ მოუვლელობისგან განადგურდა. ჩვენს სახლში აღარ არის შემორჩენილი არც ავეჯი, არც ტექნიკა, არც ჩვენი ოჯახის ფოტოები - არაფერი ისეთი, რაც დაკარგულ სახლთან საერთოს მაპოვნინებდა.
იმ დღეს თითქოს ხელახლა დავკარგეთ ის, რაც ომმა წლების წინ წაგვართვა.
2. ჩემი თვალით დანახული გაგრა დღეს
ოდესღაც ჩვენი ე.წ. „მდიდრების უბანი“, რომელიც კადრში ვნახეთ მე და დედაჩემმა, დღეს ღარიბების უბნად ქცეულა. თითქოს, ომმა ქალაქს ფერი წაართვა, სილაღე დაუკარგა. ოდესღაც მწვანედ ხალხმრავალი ქუჩები ახლა ჩუმი, გაუცხოებული ლაბირინთის მსგავსი გახდა. ზღვის ტალღების ნაზი შრიალი, ცარიელ შენობებში გამეფებულმა სიჩუმემ შეცვალა. სახლები, რომლებიც ერთ დროს სიხარულით და სიცოცხლით სავსე იყვნენ, ახლა მარწუხებში მოქცეულან. აყვავებული ქუჩები — დღეს მდუმარების დერეფნებია.. აქ ომის კვალი ყველაფერს ატყვია. გაგრა ჩვენთვის სევდიანი სარკეა, რომელშიც ყოველი დევნილი საკუთარ დაკარგულ სახლს დაინახავს.
ჩვენთვის გაგრა მაინც სიყვარულის ქალაქია — დევნილობის ტკივილი კი მხოლოდ წარსულში არა, აწმყოშიც ცხოვრობს. ომის შემდეგ, ბევრმა დევნილმა დაიწყო თავიდან ცხოვრება სხვის სახლში, სხვის მიწაზე —საკუთარის მოლოდინში. გამონაკლისი არც ჩემი ოჯახია..
3. ჩვენ და გაგრა
ჩვენ, მრავალშვილიანი ოჯახი, გაგრაში ვცხოვრობდით — ბედნიერად და ერთიანად. ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მშობლებმა ახალი სახლი იყიდეს. ჩემი ოჯახი აფხაზეთში 1986 წლიდან ცხოვრობდა.
1992 წლის ზაფხულში მე, ჩემი ძმა და დები სვანეთში ვიყავით ბებიასთან და ბაბუასთან, ხოლო მშობლები გაგრაში დარჩნენ, რათა ახალი სახლი მოეწყოთ. სანამ ვითარება უკიდურესად დაიძაბებოდა, რამდენიმე დღით ადრე, მშობლები მესტიაში წამოვიდნენ ჩვენს წასაყვანად. მათ მხოლოდ ერთი ჩემოდანი წამოიღეს, რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები, რაც გზად დაგვჭირდებოდა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სწორედ ამ ჩანთით დაიწყებოდა ჩვენი დევნილობა. საოჯახო ჩემოდანს დედაჩემი წლები ინახავდა..
აფხაზეთი რომ დავკარგეთ, ერთი წლის ვიყავი. არაფერი მახსოვს - არც სახლი, არც ეზო, არც ის ზღვა, რომელსაც ჩემი მშობლები მხოლოდ ოცნებებში ხედავენ, რომლის შესახებაც ძალიან ბევრს გვიყვებოდნენ. ერთი ვიცი, რომ დევნილობაში გავიზარდე. ბევრ სირთულესა და უსამართლობაში. ეს სტატუსი ჩემთვის მხოლოდ ტკივილი არა, ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა. რადგან, სწორედ ჩვენ, დევნილები ვართ ის ერთ-ერთი ძლიერი რგოლი, რომელიც დანარჩენ საქართველოს აფხაზეთთან აკავშირებს.
4. ჩატეხილი ხიდი უნდა აღდგეს
გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ დავბრუნდებით. ახლა ჩვენი დროა, ჩემი თაობის დრო. იმ თაობის, რომელსაც ომის სისასტიკე ისე მძაფრად არ შეუგრძვნია და პატიება შეუძლია. დიახ, ჩემი თაობა იქნება ის, ვინც ენგურს მიღმა დარჩენილ სახლებში კარებს აუცილებლად შეაღებს. დიახ, ჩვენ თავიდან ავაშენებთ იმ ხიდს, რომელიც ომმა ჩატეხა - აფხაზ თანატოლებთან, ჩვენს დებთან და ძმებთან, სიტყვებით, სიმართლით და ერთმანეთის პატივისცემით.