პირველი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება.
გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია 20 დღეში ნებადართული აღარ იქნება. მას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი, ქაღალდის, მრავალჯერადი გამოყენების პარკებითა და ჩანთებით ჩაანაცვლებენ.
გარემო დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლიეთილენის პარკების მოხმარება გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენს.
პლასტიკის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე ბიოლოგიურ დეგრადაციას არ ექვემდებარება, ხოლო მის დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. ის ერთჯერადად მოხმარებისთანავე, გადაიქცევა ნარჩენად, ხვდება გარემოში და ნიადაგსა და წყალს აბინძურებს.
რეგულაცია მთავრობამ მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში მიიღო.