აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის მუნიციპალიტეტების გაცნობა ქობულეთიდან დაიწყო. თორნიკე რიჟვაძემ სანაპირო ზოლში რეაბილიტირებული ჯებირები და სასეირნო ზოლი დაათვალიერა. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყო.
პროექტის მიხედვით ქობულეთის სანაპიროზე 2 კილომეტრამდე ნაპირსამაგრი დამცავი კედელი და მის გასწვრივ სასეირნო ბილიკი უნდა მოწყობილიყო, თუმცა სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც ჯარიმა დაეკისრა. პროცესში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო. დღეისთვის სანაპიროზე მხოლოდ 650 მეტრიანი ჯებირია მოწყობილი.