პოლიციამ პარლამენტთან ''ნაციონალური მოძრაობისა'' და აქციის სხვა წევრები დააკავა

11 ივნისი 2018, 00:00 1829 ნახვა

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და რამდენიმე პირი. 

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,  ნიკა მელიამ  მხარდამჭერებთან ერთად გზის გადაკეტვა და საპატრულო პოლიციის უფროს თეიმურაზ კუპატაძესთან გასაუბრება სცადა.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი პირების გადმოსვლას. უდუმაშვილი ამბობს, რომ ავტომობილში შსს-სა და სუს-ის წარმომადგენლები ისხდნენ.

„ნიკა მელია დაკავებულია და წაყვანილია, ჩვენ თვალწინ ჩატენეს მანქანაში და ისე წაიყვანეს. თქვენ ნახავთ, რა მეთოდებით წაიყვანეს საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, დაკავებულია ლევან ხაბეიშვილი და კიდევ ჩვენი ათეულობით თანამებრძოლი. ყველას სახელი და გვარი არ ვიცით, რადგან უცებ გავნახევრდით. დაკავებულია ერთი არასრულწლოვანიც“, –  განაცხადა უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ აქცია მაინც ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში