ბათუმის მერია ითხოვს დაჯარიმდნენ პირები, რომლებიც პარკირების ადგილებს ვაჭრობისა და რეკლამისთვის იყენებს

29 მაისი 2018, 00:00 1782 ნახვა

ქალაქ ბათუმის მერია ითხოვს, რომ ბათუმის საკრებულომ პარკირების დარღვევად მიიჩნიოს ქალაქში პარკირების საერთო ადგილების გარე ვაჭრობისთვის ან რეკლამისთვის გამოყენება. ამ ინიციატივით, საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბათუმის მერიის ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე მიმართავს. 

"იკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების, სხვა მომსახურების და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარკირების ადგილების გამოყენება მერიასთან შეთანხმებით ხდება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებისათვის“ - ამ ფორმულირებით ითხოვს მერია პარკირების მუხლში ცვლილებას.

ამ მუხლის დამტკიცების შემთხვევაში, პარკირების საერთო სივრცეების კონკრეტული საქმიანობისთვის  გამოყენება მერიის ნებართვით იქნება შესაძლებელი. ამ ჩანაწერის აუცილებლობაზე მერია განმარტებას აკეთებს: 

"ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, 2017 წლის 15 დეკემბერს  და 2018 წლის 15 იანვრის წერილებით მომართა სს „ლიბერთი ბანკი“-მა, რომელიც აღნიშნავს, რომ სს „ლიბერთი ბანკი“ ემსახურება სახელმწიფო სოციალურ გასაცემლებს. მოსახლეობისათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად,საქართველოს უმეტეს ქალაქსა და სოფელს მომსახურებას ახორციელებს მობილური ბანკის ლიბერთი ექსპრესის ავტოსანტრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის ქალაქ ბათუმშიც და აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ჭავჭავაძის ქ. #21; ინასარიძის ქ. #14ა; ჭავჭავაძის ქ. #5; გრიშაშვილის ქ. #12ა; აღმაშენებლის ქ. #30) მობილური ბანკის ლიბერთი ექსპრესის ავტოსატრანსპორტო საშუალებების განთავსებას. 

გარდა აღნიშნულისა სხვადასხვა დროს ხდება ქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების (მათ შორის გადაღებების, ტელე ტრანსლიაციის წარმართვის და ა.შ.) ჩატარება, რა დროსაც ქალაქის გარკვეულ ლოკაციებზე საჭირო ხდება შესაბამისი ტექნიკის თუ სატრანსპორტო საშუალებების განთავსება" - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ბათუმის საკრებულოს სხდომა დღესაა ჩანიშნული, საკრებულოს წევრები დაამტკიცებენ თუ არა ამ ინიციატივას, დღესვე გახდება ცნობილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი