თევზაობისას დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

20 მაისი 2018, 00:00 2057 ნახვა

კვლავ მძიმეა ანგისის დასახლებაში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამივე მათგანი  თბილისში დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზეა. მედიკოსების ინფორმაციით განსაკუთრებით მძიმეა 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის დაახლოებით 80 % აქვს დამწვარი. შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა როდესაც დაშავებულები თევზაობდნენ, რა დროსაც სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო და მოკლე ჩართვა მოხდა. დაშავებული მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში, მოზარდები კი იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში  მოათავსეს.

მოგვიანებით დაშავებულები თბილისში დამწვრობის ცენტრში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა. გუშინვე გაავრცელა ინფორმაცია ენერგო პრო ჯორჯიამ. კომპანიის განცხადებით მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით მდინარეზე, ხიდიდან თევზაობისას ახალგაზრდების დაშავება, გადამცემი ხაზის გაუმართაობას არ უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი