‘’ქუჩას გადარჩენილი’’ ბიჭის წარმატებული ისტორია

20 აპრილი 2018, 00:00 2644 ნახვა

18 წლის ლუკა  დღეს აბიტურიენტია და გამოცდებისთვის ემზადება, თუმცა წლების წინ მომავალი არც თუ ისე ნათელი იყო. ის იპოვეს და ქუჩის ნაცვლად საოჯახო ტიპის სახლში აღმოჩნდა.

მაშინ ლუკა 10 წლის იყო.  ყვება, რომ საზოგადოების ნდობა დაკარგული ჰქონდა. ერიდება ქუჩაში გატარებული წლების გახსენებას, თუმცა დეტალურად ახსოვს ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი, რომელიც  მარტივი არ ყოფილა.

‘’საოჯახო ტიპის სახლში, სოციალური სააგენტოს დახმარებით მივედი. რეალურად სხვას ველოდი და სხვა გარემო დამხვდა,  მკაცრი რეჟიმის მეშინოდა, ბავშვთა სახლი რომ ქვია მაინც სხვანაირი შთაბეჭდილება გექმნება“ - იხსენებს ლუკა - „სახლში  7 ბავშვი დამხვდა, რომლებიც  აღმზრდელებს დედას და მამას ეძახდნენ. თავიდან ძალიან  გამიკვირდა, მერე მეც მივხვდი ასე რატომ იქცეოდნენ...  დასაწყისში თავდაცვაზე ვიყავი გადასული, მერე გავაცნობიერე,  რომ თავდაცვა არ მჭირდებოდა და დამცველები იქვე მყავდნენ, მეც ნელ-ნელა შევიცვალე.  მანამდე პრობლემას საკუთარი თავის გარდა  ყველაში ვხედავდი’’ - ამბობს ლუკა.

ლუკა გვეუბნება, რომ  9 კლასიდან სკოლის მიტოვებას გეგმავდა. დღეს 5 პედაგოგთან ერთდროულად მეცადინეობს, პედაგოგებთან რომლებმაც ლუკას მომზადება უსასყიდლოთ გადაწყვიტეს.

„მე-11 კლასში დახმარება დამჭირდა და  გამოჩნდნენ პედაგოგები, რომლებმაც მას შემდეგ გადაწყვიტეს უფასოდ დამხმარებოდნენ, რაც გაიგეს, რომ საოჯახო ტიპის სახლიდან ვიყავი... ხომ შეიძლება, რადგან უფასოდ ემზადები, რაღაც დაგაკლონ. მაგრამ არა, პირიქით, ესენი უფრო მეტს მთხოვენ,  ეს შედეგზეც აუცილებლად აისახება“...

ლუკამ 18 წლის ასაკში საოჯახო ტიპის სახლი დატოვა და მინდობით აღზრდაშია.

‘’ამ ოჯახში 8 წლის წინ რომ მივსულიყავი უკმაყოფილოები იქნებოდნენ,  დღეს ასეთი ადამიანი ვარ და ახალი ოჯახიც ჩემით კმაყოფილია’’ - ამბობს ლუკა და მსგავს სიტუაციაში მყოფ მოზარდებს, რომლებიც ჯერ კიდევ ქუჩაში ცხოვრობენ, ურჩევს წამოვიდნენ მოძალადე მშობლებისგან.

‘’მინდა დაანებონ იმაზე ფიქრს თავი, რომ ქუჩა უკეთესია, რომ უმჯობესია მოძალადე მშობელთან იცხოვრო. შეიძლება მშობელი გიყვარდეს სიგიჟემდე, მაგრამ თუ ის შენზე ძალადობს, მაშინ აზრი არ აქვს. გამოიყენონ ის, რასაც სახელმწიფო აძლევს. თუ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ, ისევ შეძლებენ ცხოვრების  გაგრძელებას’’.

დღეის მონაცემებით, ბათუმში ერთი მცირე საოჯახო ტიპის სახლია, სადაც 6 არასრულწლოვანი ცხოვრობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი