სპორტი მთავარში

12 აპრილი 2018, 00:00 2453 ნახვა

კიდევ ერთი ხმაურიანი მატჩი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის რეალისა და ტურინის იუვენტუსის გუშინდელი შეხვედრა დღეს სპორტული მედიის და ქომაგის მთავარი განსახილველი თემა იყო. ტურინში განცდილი მარცხის შემდეგ მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა სანტიაგო ბერნაბეუზე სამი გოლის გატანა შეძლეს.  მარიო მანჯუკიჩის დუბლის და ბლეზ მატუიდის გოლის წყალობით იუვე ძალიან ახლოს იყო სასურველ შედეგთან, თუმცა უკვე კომპენსირებულ დროში მატჩის მთავარმა არბიტრმა, მაიკლ ოლივერმა სტუმართა საჯარიმოში ლუკას ვასკესის წაქცევისთვის 11 მეტრიანი დანიშნა და შელაპარაკებისთვის მოედნიდან იტალიელთა კიპერი ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა. პენალტი ზუსტად კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა და რეალი ნახევარფინალში გაიყვანა. მეორე მეოთხედფინალში კი საინტერესო არაფერი მომხდარა, ბაიერნმა და სევილიამ ალიანს არენაზე ნულოვანი ფრე დააფიქსირეს, შემდეგ ეტაზე გერმანელები გავიდნენ. რეალი, ბაიერნი, ლივერპული და რომა. სწორედ ეს გუნდები ითამაშებენ 2017-18 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.   

დღეს გაირკვევა იმ ოთხი გუნდის ვინაობა ვინც უეფას ევროპის ლიგის მოსაგებად გააგრძელებს ბრძოლას, დიდი უპირატესობით ჩადის ლონდონის არსენალი მოსკოვში ცეესკათან, პირველი მატჩი მეთოფეებმა ანგარიშით 4-1 მოიგეს. დიდ ინტერესს იწვევს მარსელის ოლიმპიკისა და ლაიფციგის დაპირისპირება რომელიც დღეს ველოდრომზე გაიმართება, გერმანელებმა საშინაო კედლებში ტიმო ვერნერის ერთადერთი გოლით იმარჯვეს. რომის ლაციო ზალცბურგთან დღესაც ფავორიტად ითვლება, ავსტრიელებმა სტუმრად ორი გოლის გატანა მოახერხეს და მატჩი 4-2 დათმეს. ევროპის ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი ატლეტიკო სახლში მიღწეული ორ ბურთიანი უპირატესობით პორტუგალიურ სპორტინგს ესტუმრება. ყველა მატჩი დღეს 23:05 ზე დაიწყება. უკვე ხვალ კი 15 საათზე, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. 

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა, დრამატული გამოდგა, მინესოტა ტიმბერვულვზისა და დენვერ ნაგეტსის დაპირისპირება, სადაც დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ბოლო საგზური თამაშდებოდა, ძირითადი დრო   101:101 დასრულდა და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა, სადაც ტიგის ჩაგდებული ორქულიანის შემდეგ,დენვერმა თავისი შანსი ვერ გამოიყენა და იძულებით დაჯარიმებებზე გადავიდა, ვიგინსმა კი იდეალურად შეასრულა საჯარიმო ტყორცნები. საბოლოოდ მინესოტამ 112:106 იმარჯვა და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვა. პლეი-ოფის თამაშები 14 აპრილიდან დაიწყება.

სლოვაკეთის ქალაქ ვისოკი ტატრიში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე  ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ გუშინ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. მეოთხე ტურში ძაგნიძემ საფრანგეთის წარმომადგენელ დეიმანტე კორნეს თეთრი ფერის ფიგურებით 47-ე სვლაზე სძლია და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს. დღეს, მეხუთე ტურში ნანა ძაგნიძე უკრაინელ ანა უშენინას ხვდება, რომელსაც 3,5 ქულა აქვს. ანა უშენინა სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე სხვა ქართველი მოჭადრაკეებიდან, ბელა ხოტენაშვილსა და მერი არაბიძეს 3-3 ქულა აქვთ, ლელა ჯავახიშვილის ანგარიშზე 2,5 ქულაა, სალომე მელიამ და ნინო ბაციაშვილმა 2-2, ხოლო მირანდა მიქაძემ 1,5 ქულა მოაგროვა.

ბათუმელი მოციგურავეები 17 აპრილს საფრანგეთში საერთაშორისო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან. შეჯიბრში 7 დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის იმართება. გათამაშებაში 25 ქვეყნის 150 ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ბათუმიდან 9 სპორტსმენი ანადეა გულბანი, ილია გოგიტიძე, დავით გურგენიძე, ნიკოლი ფადეევა, მარი მეშველიანი, ქეთი მახარაძე, ეკატერინე იაზაჯი , ინგა ფუტკარაძე და ნანუკა მსხვილაძე იასპარეზებენ. „ „როსტერ კაპ 2018“ 24 აპრილს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში