სარფის საბაჟოზე გადაადგილება ორმხრივად შეზღუდულია

07 მარტი 2018, 00:00 5636 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა 4 საათზე მეტია შეჩერებულია, შეფერხების მიზეზად ტექნიკური ხარვეზი სახელდება. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ტექნიკური ხარვეზი თურქეთის მხარეს შეექმნა.

"დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე  გათიშულია საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებულია ორივე მიმართულებით.

ქართველ მებაჟეებს თურქმა კოლეგებმა აცნობეს, პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, თუმცა კონკრეტული დრო, როდის შეძლებს თურქული მხარე სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მუშაობის აღდგენას, ჯერ უცნობია".

შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ქართული მხრიდან მგზავრთა და ტვირთების გადაადგილების პრობლემა არ არსებობს, შესაბამისად  მუშაობას მაშინვე აღადგენენ, როგორც კი თურქული მხარე გაასწორებს ტექნიკურ ხარვეზს. 

როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი იუწყება, საბაჟოზე რიგებია. შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობაც. 

"ორი საათია ვდგევართ აქ, მიზეზები არ განუმარტავთ, თუმცა გვითხრეს, რომ მალევე გაგვატარებენ საზღვარზე" - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი