საქართველოში მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად პირველად მაჭახლის, მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები, ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები უნდა გამოცხადდეს. კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან ერთად მუშაობს.
პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა, 2017 წლიდან - გერმანიის გარემოს დაცვის, ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის თანადაფინანსებით ახორციელებენ.