სამედიცინო პუნქტები ელექტროენერგიის გარეშე უკვე 9 წელია. 2009 წლიდან დღემდე ხულოში არსებულ თემის 14 სამედიცინო პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შენობებში დასაქმებულ მედიკოსებს, გარკვეული პრობლემების გამო შუქი არ გაუყვანეს, სამაგიეროდ დაუმონტაჟეს მედიკამენტების შესანახი მაცივრები, რომლებიც მთელი ეს პერიოდი შეიძლება ითქვას უფუნქციოა – ფაქტია, რომ მაცივარი არასდროს ჩაურთავთ.
რაც შეეხება პრობლემის არსს – თემის პუნქტები წინა ხელისუფლების დროს კერძო საკუთრებაში ააშენეს. ანუ შენობა სახელმწიფოს ეკუთვნის, მიწა კი მოქალაქეს. სახელმწიფოს ტერიტორიაზე ელექტროენერგია ვერ შეჰყავს, რადგან აბონენტად სხვის საკუთრებაში ჩადგმულ შენობას ვერ არეგისტრირებს.
კერძო მესაკუთრეები რა თქმა უნდა ითხოვენ კომპენსაციას – როგორ გადაწყვეტს საკითხს 9 წლის თავზე ახალი მერი?