ბათუმის ზოოპარკი დამთვალიერებლისთვის საფრთხის შემცვლელი იყო - ამის შესახებ განცხადება ,,ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელმა გააკეთა. მისი მტკიცებით, ცხოველებში ეხინოკოკის ფაქტი დადასტურდა. "გატარდა საკარანტინო ღონისძიებები, ყველა ასპექტი მაგ მიმართულებით კონტროლის ქვეშაა. ამდენი წლის განმავლობაში არასათანადო მოპყრობამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ დღეს ამ საფრთხეების წინაშე ვდგავართ’’ - ამბობს თევზაძე.
მრავალწლიანი არასათანადო მოპყრობაში კი ალექსანდე თევზაძე ზოოკუთხის ყოფილ განყოფილების უფროსს, ამირან მურვანიძეს ადანაშაულებს. ამბობს, რომ 9 თვის წინ ამ მიზეზით გაათავისუფლა სამსახურიდან.
‘’ის დაავადება, როგორიც არის ეხინოკოკი შეიძლება 20 წლის განმავლობაში არ გამოვლინდეს და ადამიანი ამით იყოს დაავადებული, მითუმეტეს ბავშვი. არსებულმა ინფექციურმა დაავადებებმა ზოოპარკის დათვალიერება და საერთოდ ადამიანების იქ ყოფნა სახიფათო გახადა. ჩემი მიზანი არ იყო მასალები შემეგროვებინა ვინმეს გასათავისუფლებლად ან პასუხისგებაში მისაცემად, ჩემი მიზანი იყო იქ არსებული სიტუაცია გამომესწორებინა’’ - თქვა სასამართლო პროცესზე თევზაძემ.
,ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელი დღეს ამ განმარტებებს მოსამართლესთან აკეთებდა. აიპის ხელმძღვანელს სასამართლოში სამსახურიდან გათავისუფლებულმა ზოოკუთხის ყოფილმა ხელმძღვანელმა უჩივლა.
მურვანიძე ამტკიცებს, რომ იგი პირადი ინტერესების გამო გაუშვა სამსახურიდან ალექსანდრე თევზაძემ.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე თევზაძის ბრალდებებზე განმარტებები ამირან მურვანიძემაც გააკეთა. მისი თქმით ზოოპარკში მუშაობის დროს ეს საფრთხეები არ არსებობდა. ‘’რომ დაგვემტკიცებინა დაავადების არსებობა საჭირო იყო ლაბორატორიული კვლევები, რაც ჩვენს არ გაგვაჩნდა’’ - ამბობს უწყების ყოფილი თანამშრომელი.