ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი პირი გუშინ დააკავა. ადვოკატის ინფრომაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად თურქეთში ჩავიდა.
დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში. გამოძიება მას ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას ედავება. დანაშაული 17-დან 20-წლამდე პატიმრობას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.