ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით ამოღებული ვაქცინა საქართველოში გამოიყენეს

17 იანვარი 2018, 00:00 6441 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ მოხმარებიდან ამოღებული, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა საქართველოში გამოიყენეს, საუბარია 29 ათას 222 დოზა მედიკამენტებზე, რომელიც მოქალაქეებს უფასოდ გაუკეთდათ. 

ეს ვაქცინები გამოყენებულია იმუნიზაციის პროგრამით, ამ ეტაპზე აუდიტის სამსახურს არ აქვს ინფორმაცია კონკრეტულად რომელ რეგიონებში გაიგზავნა, რა დაავადების ვაქცინებზეა საუბარი და რა ასაკობრივ ჯგუფს გაუკეთდა მედიკამენტი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტებებს უახლოეს საათებში გააკეთებენ.

მოხმარებიდან ამოღებული 29 ათას 222 დოზა ვაქცინაციის გავრცელების თაობაზე ინფორმაცია 2018 წლის აუდიტის გეგმის დოკუმენტში დაფიქსირდა. 
დოკუმენტში წერია, რომ პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, იმუნიზაციის პროგრამაში მაინც ჩაეშვა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, პრეპარატის გამოყენების უფლება სპეციალურმა კომისიამ გასცა, რომლის გადაწყვეტილება ხარისხის დადასტურების მინიმალურ სტანდარტს ეფუძნებოდა. 

დამატებით დასკვნაში ნათქვამია, რომ  "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით"

რაც შეეხება აჭარას, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე აცხადებენ, რომ აუტის დასკვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, შესაბამისად ამ დრომდე უცნობია 29 ათასი ვაქცინაციიდან მოხვდა თუ არა განსაზღვრული რაოდენობა  რეგიონში. 

აუდიტის დასკვნის შედეგად გაჩნდა კითხვები, რომელზე პასუხი ამ ეტაპზე აუდიტის სამსახურს არ აქვს, რადგან იმუნიზაციის პროგრამის ფინანსური აუდიტი ტარდებოდა და ამ მიმართულებით (ხარისხი) იმუნიზაციის პროგრამის შესწავლა 2018 წლის გეგმაში ჩაისვა. 

ოფიციალური კომენტარი უწყებაში არ კეთდება. 

იმუნიზაციის პროგრამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებს, რომლის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების აცრა უფასოა და პროგრამის ბიუჯეტი 2016-2017 წლებში 32 მილიონი ლარს შეადგენდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი