‘’ზურაბ პატარაძეს თაღლითურ სქემასთან აქვს კავშირი’’ - ენმ

17 იანვარი 2018, 00:00 4154 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავენ. ამბობენ, რომ მახინჯაურში, ყოფილი მზიურის ტერიტორიაზე კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მოითხოვენ უწყებებმა დაუყოვნებლივ გამოიძიონ რა ფინანსური ზიანი მიადგა ბიუჯეტს.  

გია აბულაძე ირწმუნება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თაღლითურ სქემასთან აქვს კავშირი და ზურაბ პატარაძე კომპანიასთან გარიგებაშია.

‘’დღემდე ამ ობიექტებზე არაფერი გაკეთებულია, პირიქით დაზიანდა და განადგურდა, ხოლო ამაზე პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.  კომპანიის მიმართ არანაირი სანქციები არ გატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვალდებულებებს არ ასრულებს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ზურაბ პატარაძის პირდაპირ კავშირსა და ინტერესს ობიექტის გასხვისებასთან. უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს საეჭვო გარიგებაში’’ - აცხადებს გია აბულაძე.

განცხადების პარალელურად ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ინფორმაციაც გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

‘’2017 წლის 16 სექტემბერს აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით  3,9 მლნ ლარად გაიყიდა მიწის ნაკვეთები მახინჯაურში გოგირდის აბანოების და მზიურის ტერიტორია კომპანია შპს ,,სტატოტელ“-ზე. კომპანია ვალდებულია  38 თვის ვადაში ააშენოს 100 ნომრიანი სასტუმრო მზიურის ტერიტორიაზე, ხოლო 42 თვეში ექსპლუატაციაში უნდა შეიყვანოს მახინჯაურის ე.წ. გოგირდის აბანოები, მესაკუთრემ  ასევე 42 თვეში უნდა მოაწყოს სარეკრეაციო ზონაც, რაშიც უნდა მოახდინოს 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება.  კომპანიას  მიეცა უფლება გაასხვისოს ხელშეკრულებით დადგენილი წესით ქონება.

ტერიტორიების გასხვისებამდე 2016 წლის 10 მაისს აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შევიდა შ.პ.ს ,,გრინ ვალი ჯორჯია“-ს განცხადება, რომლითაც კომპანიამ მოითხოვა პანსიონატ მზიურის პრივატიზების მიზნით აუქციონის გამოცხადება. კომპანია გეგმავდა სავაჭრო ცენტრის, სარეკრიაციო ზონის , ავტოსადგომის, კვების ობიექტების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, აპარტამენტებისა და საცხოვრებელი ბინების მშენებლობას, რაშიც მოახდენდა 38 მილიონი ა.შ.შ დოლარის ინვესტირებას, ასევე მიწის ნაკვეთში გადაიხდიდა 3 მილიონ ა.შ.შ დოლარს.  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული იქნა აუქცუიონი, მაგრამ რატომღაც კომპანია ,,გრინ ვალ ჯორჯიამ“ არ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი გეგმავდა აღნიშნული ტერიტორიიდან ხეების გადატანას და ტერიტორია გასხვისდებოდა მის მიერ რეკომენდირებულ კომპანიაზე. სავარაუდოდ სწორედ ამან განაპირობა რომ აუქციონში აღარ მიიღო მონაწილეობა  ,,გრინ ვალ ჯორჯიამ“.

მოგვიანებით მართლაც განხორციელდა პირდაპირი მიყიდვით, გაცილებით ნაკლებ ფასად 3,9 მილიონ ლარად გარდა სანატორიუმ მზიურისა გოგირდის აბანოების ტერიტორიაც შპს ,, სტატოტელი“-ზე გასხვისება და გაცილებით  ხელსაყრელი პირობებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან.  აღნიშნული ობიექტების გასხვისებაზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება თუმცა დღემდე არანაირი შედეგი არ დამდგარა’’ - წერია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ წერილში.

აღნიშნული ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამოწმებს.

მთავრობაში საპასუხო კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი