ეუთო/ოდირ-ის განცხადება აბსურდია, ერთ მხარეს ხელისუფლების დამხობის მცდელობაა და მეორე მხარეს რაღაც კონკრეტული დეტალები, როგორ შეიძლება, თანაბრად დააყენო ეს ორი საკითხი - პრემიერი

08 ოქტომბერი 2025, 14:59 96 ნახვა

ეუთო/ოდირ-ის განცხადება აბსურდია, ერთ მხარეს ხელისუფლების დამხობის მცდელობაა და მეორე მხარეს რაღაც კონკრეტული დეტალები, როგორ შეიძლება, თანაბრად დააყენო ეს ორი საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეუთო/ოდირის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ტყუილები, რომლებსაც ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ვისმენთ, გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა.

„ეს არის ის აბსურდი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ერთ მხარეს არის ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მეორე მხარეს არის რაღაც კონკრეტული დეტალები. როგორ შეიძლება, ჯერ სასწორზე თანაბრად დააყენო ეს ორი საკითხი და მეორე – სრულიად აშკარაა ნონსენსი, რომელიც ჩანს ამ განცხადებაში, რა თქმა უნდა, იყო უმძიმესი ძალადობა, შეგახსენებთ, რომ საჭირო გახდა 15 პოლიციელის ჰოსპიტალიზება, საიდანაც ორი მართლა ღმერთის წყალობით გადაურჩა სიკვდილს. ამ ფონზე, საუბრობენ საუბრობენ რაღაც თემებზე ოდირის წარმომადგენლები და ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში. ამას უკავშირდება ის უსამართლობაც, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ევროპა – როგორც ასეთი, არ არის პანაცეა. ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც ასეთი ტიპის პროპაგანდით გამოირჩეოდა. მართლა გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. გებელსიც ევროპა იყო, როდესაც 40-იან წლებში მოღვაწეობდა ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში და არ შეიძლება, გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს ევროპაში 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე“ , – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ეუთო/ოდირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არჩევნების შემდგომ ძალადობრივი აქციების გამო და ამასთან, მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე