დამხობის მცდელობისა და ძალადობისგან არგამიჯვნა და მათი არდაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში არც ერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, მათ შორის არც აშშ-ს, ევროკავშირსა და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ განცხადება, რომლითაც დაგმობდნენ და გაემიჯნებოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას.
„უკვე მეოთხე დღეა, რაც განხორციელდა ძალადობრივი შტურმი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა იყო. თუმცა, ამ დღეების განმავლობაში, არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში განვითარებული შიდაპოლიტიკური მოვლენების მყისიერ შეფასებაზე, ქვეყნის გაკრიტიკებასა და მისთვის მითითებების მიცემაზე აქვს პრეტენზია – მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს – არ გაუკეთებია განცხადება, რომლითაც დაგმობდა და გაემიჯნებოდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას და ძალადობრივ შტურმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე. მეტიც, ევროკავშირმა, ოდირმა და სხვა სუბიექტებმა საპირისპირო სულისკვეთების განცხადებების გაკეთებაც კი იკადრეს. ბუნებრივია, დამხობის მცდელობისა და ძალადობისგან არგამიჯვნა და მათი არდაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულება,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია და EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.
„შეგახსენებთ, რომ EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ევროპულ მმართველ პარტიას აერთიანებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა და 9 წლის მანძილზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფით „გამოიჩინა“ თავი. იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა სცადეს და არაერთ პოლიციელს უმძიმესი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელთაგან ორი სიკვდილს ღმერთის წყალობით გადაურჩა, ევროპის სახალხო პარტია არა მოძალადეებისა და ქართული დემოკრატიის მტრების, არამედ ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების სანქცირებას ითხოვს. EPP-ის ეს განცხადება ქართულ საზოგადოებას საუკეთესოდ ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა უბედურებამდე მიიყვანა ევროკავშირი სუვერენიტეტის დაკარგვამ და გარედან მართულმა ევროპულმა ბიუროკრატიამ“, - განაცხადა პრემიერმა.
„უშუალოდ პროცესშიც იყო კონკრეტული განცხადებები, მაგალითად რასა იუკნევიჩიანე, რომელიც არის ევროპარლამენტის მიერ დანიშნული საქართველოს საკითხებზე ოფიციალურ მომხსენებლად, ის პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა ძალადობას, პოლიციელებზე ძალადობას, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას.
ხედავთ, რა უბედურებაშია გახვეული ევროპული ბიუროკრატია, ეს არის სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი. იყო სხვა განცხადებებიც. 4 ოქტომბრამდე ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა დაუჭირა მხარი იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო ხელისუფლების დამხობა. ეს კიდევ ერთხელ ძალიან მარტივ კითხვაზე გვაძლევს პასუხს, რა ფასი აქვს ამ ძალების, ამ სტრუქტურების, ამ ადამიანების განცხადებებს. რა თქმა უნდა, არც დღეს და არც მომავალში არავითარი ფასი არ აქვს და ვერ ექნება ასეთ განცხადებებს, იმდენად აშკარაა მათი გაბოროტება ქართველი ხალხის მიმართ.
ქართველმა ხალხმა ჯერ 2020 წელს აირჩია მმართველი ძალა, შემდეგ 2024 წელს, 2025 წელს კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა, მანამდე 2012 წელს და ეს ადამიანები არიან გაღიზიანებული ქართველ ხალხზე სწორედ იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ უშვებს ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. თუმცა ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის დემოკრატია და ქართველი ხალხი გამოხატავს საკუთარ ნებას და აკეთებს არჩევანს კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე