ოფიციალურ ანკარასთან საზღვრის კვეთის საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

16 იანვარი 2018, 00:00 4708 ნახვა

‘’საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, უცილებლად უნდა იყოს კომფორტული. 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ, რომ საკითხი დარეგულირდეს’’ - განცხადება რამდენიმე წუთის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სარფის საბაჟოზე გააკეთა. ზურაბ პატარაძე საზღვართან შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა.

საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების გასარკვევად მთავრობის თავმჯდომარე ართვინის გუბერნიაში გაემგზავრა. მისი თქმით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები ანკარაშიც.

მოლაპარაკების პროცესში ჩართული არიან, საქართველოს საგარეო საქმეთა და  შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.  ასევე საქართველოს ელჩი თურქეთში.

‘’იმისათვის, რომ თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს ყველაფერი კეთდება. თურქეთის გენერალურ კონსულთან ერთად მივემგზავრები ართვინში.  მოლაპარაკებების შედეგებს გაგაგებინებთ, ამისათვის შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელთანაც მთავრობის წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტში იქნებიან’’ - ამბობს ზურაბ პატარაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, დღეს თურქეთის გენერალურ კონსულსაც შეხვდა, სადაც რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვრის კვეთის ცვლილებებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილეს. 

მოსახლეობა ოფიციალური ანკარას გადაწყვეტილებას აპროტესტებს. როგორც ცნობილია, თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი, 1 იანვრიდან გამკაცრდა.

ქვეყენაში მცირე დროით დარჩენაც კი ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება, ანუ იქ დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ღამით თურქეთში არ რჩებოდნენ და საქართველოში იმავე დღეს ბრუნდებოდნენ, ასეთი 90 დღის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ. უფრო ზუსტად კი მათ ამისთვის ბინადრობის უფლება, ან სამუშაო ვიზა დასჭირდებათ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი