როგორ დაამახსოვრდათ ბათუმელებს ქალაქის მთავარი არქიტექტორი

04 იანვარი 2018, 00:00 9265 ნახვა

გახმაურებული საქმეები, რომელიც ბათუმის მთავარი არქიტექტორის,  ირაკლი ახალაძის მუშაობის პერიოდს უკავშირდება. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ახალაძე არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა, ასობით მშენებლობის ნებართვა გაიცა.  

ამ პერიოდში საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა უკანონო მშენებლობები, მიშენებები, დაშენებები, უცნაური სტილის სახლები. ურბანული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა პროტესტი კი, კულტურული მემეკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟს მოჰყვა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი, რამდენიმე ასეთ მასალას ინახავს. გადავავლოთ თვალი სამწლიანი მუშაობის პერიოდში, რითი დაამახსოვრდა მედიას და ბათუმელებს ქალაქის მთავარი არქიტექტორი.

 ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და პრობლემური ნებართვა, ტბელ აბუსერიძისა 51 და 53 ნომერში გაიცა. ერთი კორპუსიდან რამდენიმე სანტიმეტრში აშენებული მეორე სახლი, იქ მცხოვრებლებს შუქს და მზეს უფარავს.  მომიჯნავე სახლებს ერთმანეთთან 93 სანტიმეტრი აშორებს.   

აქ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციებიც გამართეს და ისინი არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვებს აპროტესტებდნენ.

კედლები ფანჯრის წინ რეპორტაჟი მომზადებულია 2017 წლის 6 მაისს.

აქციები გამოიწვია 2016 წლის ბოლოს,  ბარათაშვილის ქუჩის 26 ნომერში მე-19 საუკუნეში აგებული ორსართულიანი სახლის დანგრევამ, 100 წლიანი სახლი, წლების წინ, იმიტრიადების ოჯახს ეკუთვნოდა. ფაქტს წინ უსწრებდა მოპირდაპირე მხარეს, 2 სართულიანი შენობის დემონტაჟიც.

აღნიშნულ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. 

თვითმმართველობაში ამტკიცებდა, რომ დემონტაჟზე ნებართვა გაცემული არ იყო, რაც საბოლოო ჯამში არ დადასტურდა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ირაკლი ახალაძის მუშაობის პერიოდს უკავშირდება დაუსრულებელი კორპუსებია ბათუმში. ქალაქში არაერთი შენობაა, რომელიც ვერ დასრულდა. მშენებელი კომპანია გაკოტრდა, მოქალაქეები კი მოტყუებულრბი დარჩნენ. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ნაგებობებზე, რომელიც ანტისანიტარიის კერად იქცა და წლების შემდეგ, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ამ კითხვაზე პასუხებს მაუწყებელი მიმდინარე წლის მარტში ეძებდა. 

დანგრეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, გაუცემელი დემონტაჟის ნებართვა და დღემდე ვერ დაწყებული მშენებლობა - ქალაქის ცენტრში, ორსართულიანი უძველესი სახლის ნაცვლად, უკვე მე-3 წელია ნანგრევია. საქმე  ვაჟა ფშაველას 13 ნომერს ეხება.  

ფოტო აღებულია სოციალური ქსელიდან.

ყველაზე მწვავე ქვეითთა გადაადგილება და არაადაპტირებული ქალაქია. მედიის ყურადღების ქვეშ არაერთხელ მოხვდა ქვეითებისთვის  წართმეული ტროტუარების საკითხი. მერიის ნებართვით, მშენებლობებზე მოწყობილი ჯებირები, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად ხერგავენ ტროტუარებს.     

ირაკლი ახალაძე ზონალური საბჭოს წევრიც იყო. სხდომებზე ხშირად იყო დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა.

ირაკლი ახალაძის მუშაობა პირდაპირ უკავშირდებოდა ქალაქის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის სახელს. გიორგი ერმაკოვს უფლებამოსილების ამოწურვამდე, გამოფენა მოუწყვეს სახელწოდებით - „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“.

სამშენებლო ქაოსი - ეს იყო გამოფენის მთავარი ხაზი.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას მერიაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მოვალეობას დროებით მირიან მეტრეველი შეასრულებს. 

თანამდებობიდან წასვლის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია, სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ირაკლი ახალაძე ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, 2014 აგვისტოდან  მუშაობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში