ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ სახლს დაანგრევენ

20 დეკემბერი 2017, 00:00 5555 ნახვა

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი უნდა დაანგრიონ. მერიაში  ლევან სამხარაულის ექსპერტის ეროვნული ბიუროდან დასკვნა რამდენიმე საათის წინ მიიღეს - ამის შესახებ ქალაქის მერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემაში ‘’ჩვენ და თვითმმართველობა’’  განაცხადა.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. შესარჩევად კი მაქსიმუმ ორი დღე იქნება საჭირო.

‘’აღნიშნულ კომპანიებს დემონტაჟის გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერმა შეხებამ შეიძლება ნგრევა გამოიწვიოს, ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო. პროცესს რამდენიმე დღე დასჭირდება’’ - ამბობს ბათუმის მერი.

რაც შეეხება მომიჯნავე სახლს. ლაშა კომახიძე განმარტავს, რომ კორპუსს საყრდენი კედელი აქვს დაზიანებული. ექსპერტების რეკომენდაცია კი შემდეგია: ‘’აფეთქებული სახლის დემონტაჟის შემდეგ 10 დღეში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა განმეორებითი შემოწმება უნდა ჩაატარონ. დაიდება საბოლოო დასკვნა. შეიძლება მისი გამაგრება თუ საჭიროა დანგრევა’’ - ამბობს მერი.

ლაშა კომახიძის თქმით, პარალელურად მოლაპარაკებები მშენებელი კომპანიების წარმომადგენლეთანაც მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ვერ შედგა აჭარის მთავრობა მზად არის პროცესში ჩაერთოს. 

''მუნიციპალიტეტს ეს თანხები არ გააჩნია. აჭარის მთავრობის დახმარების იმედი გვაქვს, ზურაბ პატარაძემ ამაზე უკვე ისაუბრა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს ოჯახები საკუთარ სახლებში მალე დაბრუნდნენ - ამბობს ბათუმის მერი

ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქება 10 დეკემებერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 9 ოჯახის საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 45 ბინა კი დაზიანდა.

მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი