დაღუპული სკოლის მოსწავლეების საქმეზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და განათლების მინისტრმა. დაღუპულთა ოჯახებს პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა პარლამენტის თავმჯდომარემაც. “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და შემაძრწუნებელი შემთხვევა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მოხდა. სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც ჩემთან ერთად, თითოეული ჩვენგანი განიცდის. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
მომხდარი ნათლად გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის მიმართ გვმართებს და განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით სწორედ ბავშვებს და მოზარდებს უნდა მოვეკიდოთ.პოლიტიკოსებმა, და ჩვენთან ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ დანაშაული უსწრაფესად იქნება გამოძიებული”.-ნათქვამია განცხადებაში.