ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა. ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ღვინის ქიმიური ნარჩენები იპოვეს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000-5800 წლებით თარიღდება. ნეოლითური პერიოდის კერამიკა ღვინის მჟავითაა გაჟღენთილი. ის, რომ კერამიკაში ღვინო იყო ადასტურებს აღმოჩენილი სხვა ორგანული მჟავებიც (ვაშლის, ლიმონისა და ქარვის), რომლებიც ასევე შედის ევროპული ყურძნის შემცველობაში.
გინესის მსოფლიო რეკორდების ვებ-გვერდზე წერია, რომ ღვინის ნაშთი აღმოჩენილია დიდი მოცულობის დოქებში, რომლებსაც, სავარაუდოდ, ფერმენტაციის, დაძველებისა და შენახვისთვის იყენებდნენ.
ამ აღმოჩენამდე, ღვინის სამშობლოდ ირანი ითვლებოდა, სადაც ქიმიურად იდენტიფიცირებული ღვინის უძველესი ნარჩენები იყო ნაპოვნი. ჰაჯი-ფირუზ-ტეპეს არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი კერამიკა ძვ. წ. 5400-500 წლებით თარიღდება.
საქართველოში ნაპოვნი ნაშთები 600-1000 წლით უფრო ძველია. აღმოჩენა ეკუთვნის პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის მოლეკულურ არქეოლოგს, პროფესორ პატრიკ მაკგოვერნს, რომელიც კვლევის სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითის ღვინო“ ავტორია. მკვლევართა ჯგუფში შედიოდნენ მეცნიერები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, კანადიდან, აშშ-დან და დანიიდან.
(წყარო: Guinness World Records)