"პატრიარქის მოსაყდრე განიხილებოდა პრორუსულ კანდიდატად, როგორც ვასაძის ახლო მეგობარი " - ბექა მინდიაშვილი

23 ნოემბერი 2017, 00:00 4797 ნახვა

დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილის თქმით, მოსაყდრეობა არ ნიშნავს იმას, რომ მიტროპოლიტი შიო ავტომატურად პატრიარქი გახდება, თუმცა სიმბოლურად ეს დიდი მხარდაჭერაა და ნიშნავს იმას, რომ ილია მეორე სწორედ მას ხედავს საპატრიარქო ტახტზე.

ილია მეორე წინა პატრიარქის მოსაყდრე იყო და შემდეგ გახდა კათოლიკოს პატრიარქი.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პატრიარქის რეპუტაცია ამ ქვეყანაში განუზომელია, მისი მხარდაჭერა და მოსაყდრედ გამოცხადება სერიოზული ბერკეტი იქნება მიტროპოლიტი ში​ოსთვის, იმისთვის რომ დაიჭიროს საპატრიარქო ტახტი. პრაქტიკულად, მოქმედი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ის ორი თვის განმავლობაში იქნება მისი შემცვლელი, მან უნდა მოიწვიოს საეკლესიო კრება და ეს ბუნებრივია დიდი უპირატესობაა" - აცხადებს მინდიაშვილი.

მინდიაშვილი თვლის, რომ მოსაყდრის დასახელება იმ დაპირისპირების მიზეზი იყო, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ამასთან, მუჯირი არც ერთ დაპირისპირებულ ჯგუფს არ მიეკუთვნებოდა ამ საქმეში.

"თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ე.წ "ციანიდის" პატრიარქის ანდერძთან ანუ მოსაყდრის დასახელებასთან იყო დაკავშირებული. ამ პროცესში ჩაბმული იყო სახელმწიფოც, შესაბამისად, არ გამოვრიცხავ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოსთან კონსესუსის შედეგად მიეღო პატრიარქს. შიოლაშვილი განიხილებოდა მოსაყდრედ, იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ძლიერდებოდა ეკლესიაში, სახელმწიფოს იგი არ უნდოდა, ამიტომ შესაძლოა, ეს გამოსავალი მოეძებნა პატრიარქს" - ამბობს მინდიაშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფოს ინტერესი, ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი, ძალიან დიდია.

"პატრიარქის არჩევა გეოპოლიტიკური მოვლენაა, რადგან საქართველოს საპატრიარქო ტახტი რუსეთის ძალიან დიდი ინტერესის სფეროა. დღეს ეკლესია რუსეთის ძლიერი მოკავშირეა და მას (რუსეთს) არ სურს ამ ბერკეტის დაკარგვა. ბევრი ფაქტის დასახელება შეგვიძლია, როცა ქართული ეკლესია რუსული ეკლესიის პოზიციას ახმოვანებს, თუნდაც ბოლო მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებაზე არ წასვლის ფაქტი გავიხსენოთ. შიო მუჯირი არ არის ფუნდამენტალისტი, მას ღია პრორუსული ქადაგებები არ ჰქონია, თუმცა განიხილებოდა როგორც პრორუსული კანდიდატი, როგორც ვასაძის ახლო მეგობარი და თანაკლასელი, როგორც პირი, რომელმაც მოსკოვში ტიხონის საეკლესიო სასწავლებელში მიიღო განათლება. ყოველ შემთვევაში ის არ არის ეპისკოპოსების იმ გუნდში (აბრაამ გარნელიას ფლანგის ეპისკოპოსი) რომლებიც ღიად პროდასავლურები არიან".

თეოლოგის ინფორმაციით, შიო მუჯირი პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატად ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან განიხილებოდა, როგორც განათლებული და ზომიერი ადამიანი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი