საქართველოს პარლამენტში დღეს კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ. ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე ამბობს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბილიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ბევრი ცვლილება შევა. „ის ვერსია, რომელსაც ჩვენ დღეს მესამე მოსმენით განვიხილავთ გაცილებით უკეთესია. კარგადაა ჩამოყალიბებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები. რეგიონის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთობა უფრო დემოკრატიული იქნება“ - ამბობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში.
რაც შეეხება მთავრობის ფუნქციონირების საკითხს. ილია ნაკაშიძე ფიქრობს, რომ კონსტიტუციის ახალი ვერსიის მიხედვით მთავრობას პრაქტიკულად სრული უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც რეგიონს გამოადგება. „ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების საკანონმდებლო აქტებთან წინააღმდეგობაში არ მოვა და არც მუნიციპალიტეტების ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს არ შეზღუდავს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა 2014 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ილია ნაკაშიძე ამბობს, რომ პირველ რიგში მმართველი გუნდის პრინციპები გაიზიარა. მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გაცილებით უფრო დემოკრატიული იქნება.
„ეს არის ისტორიული მომენტი, კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზი იყო, რომელიც ახალ ვერსიაში გამოსწორდება.“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა ფატი ხალვაშმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანას მალე საუკეთესო კონსტიტუცია ექნება. დეპუტატი განმარტავს, რომ დოკუმენტში აჭარსთან მიმართებაში მიმართებაში ბევრი შეუსაბამობა იყო, რომელიც აღმოიფხვრება.