სპორტი მთავარში

22 სექტემბერი 2017, 00:00 2051 ნახვა

• ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე საქართველოს ღირსებას წელს ბათუმის „ბათუმი“ დაიცავს. გუნდი პირველ შეხვედრას იტალიურ ''როვიგოსთან'' სტუმრად გამართავს. წელს კონტინენტის ფარზე’ 10 გუნდი მონაწილეობს.. 8 გუნდი ორ  ჯგუფში გადანაწილდა და თითოეულ გუნდს საპირისპირო ჯგუფის ოთხეულთან მოუწევს თამაში.  ბათუმი ‘ბ’ ჯგუფში მოხვდა.  შესაბამისად, მისი მეტოქები ''ა'' ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან,  ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ბათუმი იტალიაში ''როვიგოსთან'', 14 ოქტომბერს გამართავს, 21 ოქტომბერგს ''ჰაიდელბერგს'' უმასპინძლებს, 9 დეკემბერს კი ისევ ჩავა იტალიაში და ''ვიადანას'' შეხვდება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 16 დეკემბერს, ბათუმში რუმინულ ''ტიმიშოარა-სარასენსთან'' მატჩით დაასრულებს. თითოეული ჯგუფის ორი გამარჯვებული პლეი ოფში გადის და იანვარში „ა“ ჯგუფის გამარჯვებული „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს, ხოლო „ბ“ ჯგუფის გამარჯვებული „ა“ ჯგუფის მეორეადგილოსანს შინ და გარეთ ეთამაშება. წყვილებს შორის გამარჯვებულები აპრილში ასევე შინ და გარეთ ორ თამაშს გამართავენ. ამავე ეტაპიდან ტურნირში ერთვებიან რუსეთის კლუბები - ''ენისეი'' და ''კრასნი იარი'' რომლებიც ურთიერთშეხვედრაში მეორე „კონტინენტის ფარის“ მეორე ფინალისტს გამოავლენენ. ფინალისტები 2018/2019 წლების ჩელენჯ ქაფის საგზურს მიიღებენ, „კონტინენტის ფარის“ გამარჯვებული კი 2018 წლის მაისში, ბილბაოში გამოვლინდება.

• გასულ ზაფხულს, თბილისის დინამოდან ესპანურ სარაგოსაში გადაბარგებული გიორგი პაპუნაშვილის გოლმა საკუთარი გუნდი კოპა დელ რეის მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. ორმატჩიანი სათასო დაპირისპირების პირველი შეხვედრა სარაგოსას ლუგოსთან ანგარიშით 2:1 ჰქონდა წაგებული, გუშინ კი 22-ე წუთზე პაპუნაშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალში გავიდა. აღსანიშნავია რომ ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. რუსეთის თასზე კი საბა კვირკველიას მიერ 92 წუთზე გატანილმა გოლმა, მოსკოვის ლოკომოტივს კრილია სოვეტოვთან შეხვედრა დამატებით დროში გადააყვანინა. მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა, რკინიგზელები ანგარიშით 3:2 დამარცხდნენ.

• ეროვნული საფეხბურთო ლიგა დღეს შავიზღვისპირული დერბით განახლდა. ფოთის კოლხეთმა ბათუმის დინამოს სამტრედიაში უმასპინძლა, მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით 0;2 დასრულდა, გოლები ოთარ მარცვალაძემ და იაროსლავ კვასოვმა გაიტანეს. შედეგად  დინამომ წაგებათა სერია შეწყვიტა და გასავარდნ ზონას დროებით მაინც დააღწია თავი. დღის მეორე მატჩი ამ წუთებში საბურთალოსა და ქობულეთის შუქურას შორის იმართება. ხვალ ლოკომოტივი  ჩიხურას შეხვდება, დილა სამტრედიას, 27-ე ტური კვირას, გათამაშების ლიდერების, ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს  მატჩით დასრულდება.

• ბათუმელი  ზურაბ კინწურაშვილის წარმატება თურქეთში,  ტაეკვონდოს  საერთაშორისო ტურნირზე. 15 წლის სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა. დეტალები ჩვენი კორესპონდენტის ლევან დევაძის რეპორტაჟში

• საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის".ორგანიზებით, ხვალ, თბილისში, ლისის ტბაზე ნახევარმარათონი ჩატარდება. 21 კმ-იან დისტანციაზე ერთმანეთს 35 და უფროსი ასაკის ვეტერანი სპორტსმენები შეეჯიბრებიან. ნახევარმარათონში მონაწილეობას 50-მდე მონაწილე მიიღებს.  გარბენზე  ესტონეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც დარეგისტრირდნენ. მონაწილეთა რეგისტრაცია დღეს სპორტკომპლექსში "არენა 1"- ში  გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენთა მაჩვენებლებს გერმანული ელექტრონული სისტემა დეტაკაპო დააფიქსირებს. გამარჯვებულები მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ნახევარმარათონი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და საქართველოს ვეტერან მარათონელთა ასოციაციის თანაორგანიზებით ტარდება. 

ამავე კატეგორიაში