''გახადე შრომა უსაფრთხო''

11 სექტემბერი 2017, 00:00 2838 ნახვა

„გახადე შრომა უსაფრთხო“ - სახალხო დამცველის ახალი კამპანია დღეს დაიწყო. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვა და უსაფრთხო გარემოს შექმნის ადვოკატირება,  სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთერთ მთავარ მიმართულებად რჩება.

უჩა ნანუაშვილმა  თქმით, სამუშაო ადგილებზე მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების უნივერსალური საშუალება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შესაბამისი გამოძიებაა. სახალხო დამცველი გაჭიანურებულ საგამოძიებო პროცესებზე საუბრობს.   სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ 2017 წელს დაწყებული გამოძიების 46 შემთხვევიდან სასამართლოში მხოლოდ 4 საქმე წარიმართა, სისხლისსამართლებრივი დევნა 7 შემთხვევაში დაიწყო, 11 შემთხვევაში გამოძიება შეწყდა, ხოლო 31 საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

უჩა ნანუაშვილის ფიქრობს, რომ  შრომის პირობების ინსპექტირების განმახორციელებელი ეფექტიანი მექანიზმი დაუყოვნებლივ უნდა  შეიქმნას, რომელსაც დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმების, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა ექნება.  

როგორც ცნობილია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტს  მონიტორინგის უფლება მხოლოდ დასაქმებულთა თანხმობის შემთხვევაში აქვს.

საქართველოს სახალხო დამცველი  საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე პერიოდში შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტის განხილვას მიესალმება. უჩა ნანუაშვილმა კანონმდებლებს  საკუთარი შენიშვნები უკვე წარუდგინა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კანონის მოქმედება გავრცელდეს არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობიან სამუშაოებზე, არამედ ყველა დასაქმებული იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ასევე, მაკონტროლებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ობიექტის დაუბრკოლებელი შემოწმების შესაძლებლობა ყოველგვარი წინასწარი თანხმობისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე. აღნიშნული შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კანონი ვერ უზრუნველყოფს  ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვას - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის აპარატი რეკომენდაციებსაც გასცემს. დოკუმენტში წერია, რომ მათი შესრულების მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში ძალიან დაბალია.  არის შემთხვევები როდესაც, დაწესებულებები აღნიშნულ მითითებებს სრულ იგნორირებას უკეთებენ.

კამპანიის პერიოდში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდება,  სხვადასხვა ტიპის ბეჭდური საინფორმაციო მასალა მომზადდება, გაიმართება შეხვედრები დასაქმებულებთან და  სხვა აქტივობები განხორციელდება.

წყარო:  Public Defender of Georgia

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი