რა უნდა ვიცოდეთ ჯილეხის შესახებ

07 სექტემბერი 2017, 00:00 12380 ნახვა

ჯილეხი - ანუ ციმბირული წყლული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა. ჯილეხი ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა. ჯილეხი ადამიანს რამდენიმე გზით გადაეცემა.  ავადმყოფი ცხოველის დაკვლის, ხორცის დამუშავების, მოვლის დროს, ასევე  პირუტყვის ტყავის, მატყლისა და ძვლის დამუშავებით.  მიწის სამუშაოებისას იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა. ბაცილის გადატანის კიდევ ერთი გზა საკვებია.  დაუშვებელია ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი ხორცის გამოყენება. სპორას ვერც  ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები ანადგურებს. ადამიანიდან ადამიანზე  ჯილეხი, როგორც წესი,  არ გადადის.

ადამიანი შეიძლება  ჯილეხის რამდენიმე ფორმით დაავადდეს. თავდაპირველად, კანის ზედაპირზე  მცირე ზომის ბუშტუკი ვითარდება, რომელიც მწერის ნაკბენს წააგავს, ხშირად ქავილიც ახლავს. ბუშტუკი თანდათან  იზრდება და წყლულდება. წყლულს აქვს შავი ფერი და არ არის მტკივნეული.  

დაავადების გასტროინტესტინური ფორმის დროს, პაციენტს მაღალი ტემპერატურა, მუცლის ძლიერი ტკივილი, სისხლიანი ფაღარათი და ღებინება აღენიშნება. არსებობს ინფექციის კიდევ ერთი გამოვლინება, ეს ინჰალაციური (ფილტვის) ფორმა - რომელსაც  მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, მშრალი ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება ახასიათებს. ჯილეხზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში ინფექცია შესაძლებელია გართულდეს და ფატალურად დასრულდეს.

ჯილეხით ინფიცირებისგან თავდაცვის მიზნით აუცილებელია ცხოველების დროული ვაქცინაცია! სპეციალისტების რეკომენდაციაა: ინფიცირებული პირუტყვი სპეციალური წესით განადგურდეს. ცხოველის ლეში არ უნდა  გადააგდოთ, რადგან ეს  ჯილეხის ახალი კერის წარმოქმნას იწვევს.  ცხოველების მოვლის, დაკვლა - დამუშავების, ლეშთან შეხების, სადგომის დასუფთავების,  მატყლის დამზადების, ხორცის დამუშავების დროს აუცილებელია სპეციალური ტანსაცმლის გამოყენება. დაუშვებელია! ჯილეხით ინფიცირებული ცხოველის დაკვლა,  ხორცის  საკვებად გამოყენება და გაყიდვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოქალაქეები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს უნდა დაუკავშირდნენ. ცხელი ხაზი:

(995 32) 255 39 39;  (995 32) 239 89 46

 

 

http://www.ncdc.ge/Category/Article/1347

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი