საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ათასობით ავტომფლობელს სიჩქარის შემზღუდავი სპეციალური მოწყობილობის დაყენება მოუწევთ. ცვლილება მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს, ასევე სატვირთო მანქანებს ეხებათ. აღნიშნული ტიპის ავტომობილების ძრავებზე სპეციალური ხელსაწყო დამონტაჟდება, რომელიც დადგენილზე სწრაფად მოძრაობას შეუძლებელს გახდის.
აპარატის ღირებულების საფასურის გადახდა ავტომფლობელებს მოუწევთ. 8-ზე მეტ ადგილიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მესაკუთრეები, რომლებიც სპეციალურ მოწყობილობას დააყენებენ, მათი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე მექანიკურად, მაქსიმუმ 100 კმ/სთ-მდე შეიზღუდება. 3.5 ტონაზე მძიმე სატვირთო მანქანებისთვის კი სიჩქარის ლიმიტად 90 კმ/სთ განისაზღვრა. ტექნიკური რეგლამენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ავტობუსების/მიკროავტობუსებისა და სატვირთოებისთვის 2017 წლის 31 დეკემბერს შედის ძალაში.
ადგილობრივ გადაზიდვებში ჩართული ავტომობილებისთვის კი 2020 წლის პირველ სექტემბერს. მთავრობის შეფასებით, ცვლილება ქვეყანაში მგზავრებისა და ტვირთების გადაადგილებას ბევრად უსაფრთხოს გახდის. დადგენილების მიხედვით, მის მიღებას საქართველოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 53 ათასი სამგზავრო და 100 ათასი სატვირთო ავტომობილია რეგისტრირებული.