ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ მოწმის გამოკითხვა, რომელმაც ჩვენება ირაკლი ჩხვირკვიასა და მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ მისცა. მისი თქმით, ის აქციაზე შემთხვევით მივიდა, რა დროსაც დაინახა თუ როგორ მოუწოდებდნენ სხვადასხვა დროს ორივე ბრალდებული აქციის მონაწილეებს, რომ დაერბიათ საპატრულო პოლიციის შენობა და აეღოთ შტურმით. ადვოკატებმა მოსამართლეს მოქალაქის გამოკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვის შუამდგომლობით მიმართეს, რაც დაკმაყოფილდა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე ირაკლი ჩხვირკვიას შესახებ არ საუბრობს, ხოლო სასამართლოში მან ძალადობისკენ მოწოდებაში ირაკლი ჩხვირკვია დაადანაშაულა. რაზეც მოწმე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყუბას მისთვის ჩხვირკვიას შესახებ კითხვები არ დაუსვამს, შესაბამისად მან მხოლოდ ღოღობერიძის შესახებ ისაუბრა. იგი ასევე ირწმუნება, რომ მას აქციაში მონაწილეობა არ მიუღია. მან ისიც თქვა, რომ დაკითხვის შემდეგ ნახა მერაბ ღოღობერიძე, რომელმაც ჩვენების შეცვლა სთხოვა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოწმეები ცრუ ჩვენებებს აძლევენ. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, რომ ბრალდებულის 4 შვილს სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.