ვიზალიბერალიზაციის პროცესი

02 ივნისი 2016, 00:00 2710 ნახვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ,,როიტერის" ცნობით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადადებას თურქეთი, კოსოვო და უკრაინაც უნდა ელოდნენ, რადგან ევროკავშირი საიმიგრაციო კრიზისის ფონზე უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენს. სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრებმა საქართველოს ვიზალბერალიაციის საკითხის განხილვა გადადეს. მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის არიან საფრანგეთი და გერმანია. სააგენტო წერს, რომ ევროპელი დიპლომატები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვას მომავალ კვირას დაუბრუნდებიან. უკრაინის მდგომარეობა ამ მხრივ უფრო რთულია. სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად საჭიროა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტმა განიხილოს, რომლის ბოლო სესია 4-7 ივნისს გაიმართება და სექტემბრამდე აღარ განახლდება. ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მას ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი. ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ვიზალიბერალიზაციის საკითხს 10 ივნისს განიხილავენ.

ამავე კატეგორიაში